Google+

წლიური ანგარიში

10.02.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა

ქალბატონო ნინო, თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პატივცემულო საზოგადოებავ!

ამ დღეებში, ბატონი ზურაბ ჟვანიას პიროვნებაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ.

არ მინდა რაიმე გავიმეორო, უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ დღეს, სხდომას ბატონი ზურაბის დედა - ქალბატონი რემა და მეუღლე - ქალბატონი ნინო ესწრებიან.

მინდა, რომ მათ, პატარა ლიზას, ბუსას და ანას ყველანი ერთად მივესალმოთ.

დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისუფლებისთვის არჩევანი გააკეთა და ქართველმა ერმა დაკარგული და წართმეული სამშობლოს დასაბრუნებლად, ქვეყნის ახალი კურსი, რთული და ამბიციური გზა განსაზღვრა.

ერთ წელზე ცოტა მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ფიცი დავდე.

დრო გავიდა მას შემდეგაც, რაც ამ დარბაზში, თქვენი სახით, პირველი პარლამენტი შემოვიდა და მე, როგორც რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრმა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო იმ პარლამენტთაგან, რომელიც ამ დარბაზში ოდესმე მინახავს.

ერთი წლის გადმოსახედიდან, სანამ ჩვენს მიღწევებსა და გეგმებზე ვისაუბრებთ, მე გთავაზობთ გავიხსენოთ, თუ რა იყო საქართველო ერთი წლის წინათ.

საქართველო არშემდგარი, დეზინტეგრირებული, ღირსებაშელახული და სრულიად დემორალიზებული სახელმწიფო იყო.

ეს იყო ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, ბატონობდა კორუფცია, დაუსჯელობა და უკანონობა, სადაც რიგით მოქალაქეებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებდნენ და ფულს სძალავდნენ.

იყო ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნდა ბიუჯეტი და არ სრულდებოდა მოქალაქეთა წინაშე აღებული არცერთი სოციალური ვალდებულება, ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა.

საქართველო თავდაცვისუუნარო ქვეყანა იყო - არცერთი ტანკი გამართული არ იყო და ერთსაათიანი ბრძოლისთვის საჭირო ტყვია-წამალიც კი არ გვქონდა, გვყავდა რამდენიმე თვის უჭმელი ჯარი.

გვქონდა ქვეყანა, რომელშიც კლანები, ფაშები და ფეოდალები თარეშობდნენ.

დღეს, ამ დარბაზში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და სხვა ხელმძღვანელები იმყოფებიან.

ერთი წლის წინათ კი, აჭარას სეპარატისტი ფეოდალი მართავდა, რომელიც დედაქალაქში პრინციპულად არ ჩამოდიოდა და საქართველოს პრეზიდენტი მასთან სამათხოვროდ დადიოდა.

საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ავტორიტეტი შელახული, ორიენტირი კი, დაკარგული ჰქონდა, არ გააჩნდა ეროვნული იდეოლოგია და პატივს აღარავინ სცემდა.

დაკარგული ჰქონდა იმის უნარიც, რომ მიზანი ჰქონოდა.

ეს იყო ქვეყანა, რომელიც ღირსეულ შვილებს ყოველდღიურად კარგავდა და ხალხს ერთიანობის განცდა აღარ გააჩნდა, რომლის მოქალაქეთა მთავარი ოცნება სამშობლოდან სხვა ქვეყნებში გაქცევა და თავის შეფარება იყო.

ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ერთი წლის გადმოსახედიდან ვხედავთ და აი, რა შეძლო ქართველმა ხალხმა ერთ წელიწადში.

ერთი წელი, პრინციპში, ისტორიისთვის არაფერია.

რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს, არც იმის უფლება გვაქვს, რომ მხოლოდ მიღწევებზე ვისაუბროთ.

გასული წელი მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ეხლა მთავარია დავსვათ კითხვა, თუ რა გზა გავიარეთ ამ დროის განმავლობაში.

დღეს საქართველო არის სახელმწიფო.

როდესაც გვეკითხებიან, რა არის თქვენი მთავარი მიღწევა, უნდა ვუპასუხოთ, რომ ჩვენი მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის - პირველად თანამედროვე ისტორიაში საქართველო ნამდვილი სახელმწიფო გახდა.

ამას მიანიშნებს წლის საბიუჯეტო წარმატებები - მისი სამმაგი ზრდა, შემოსავლების მობილიზაცია, კონტრაბანტის გადაკეტვა, ახალი საგადასახადო კოდექსი, ფინანსური ამნისტია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიღწეული წარმატება.

საქართველო, ამ მხრივ, სანიმუშო ქვეყანა გახდა და ყველა პროგრამა სამაგალითოდ მუშაობს.

წარმატების ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძელით ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი საპენსიო და სახელფასო დავალიანებების გასტუმრება.

ეს არის ის, რომ შევასრულეთ ჩვენ დაპირება პენსიების გაორმაგების შესახებ.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ ხელფასებსა და პენსიებს დროულად გავცემთ და ამას ყველა უკვე შევეჩვიეთ.

პირველად ქვეყნის ისტორიაში, სახელმწიფო მოხელეებმა ხელფასზე ცხოვრება მოახერხეს და ეს ფიზიკურად შესაძლებელი გახდა.

ეს არის შესრულებული სოციალური ვალდებულებები და მინდა ვთქვა, რომ ხელფასების გაზრდის პროცესი სხვა დარგებშიც დავიწყეთ.

ყოველივე ამას კონკრეტული გმირები ჰყავს, ის ხალხი, ვინც ყველაფრის შემოქმედი თავად არის.

მე მსურს, რომ ეს ხალხი ჩამოვთვალოთ და ახალ ორგანოზე - ფინანსურ პოლიციაზე ვისაუბრო.

იმ პერიოდში, როდესაც ყველა ამ ორგანოს ლანძღავდა და ამბობდა, რომ კონტრაბანდისტებთან ბრძოლა გაუმართლებელი ნაბიჯია, მისთვის უნდა მიგვეცა უფლება, რომ ამ გზით - ყველა პენსიონერისა და გაჭირვებული ადამიანის ხარჯზე ეარსება, ფინანსურ პოლიციას, არც ცეცხლის ქვეშ და არც კონტრაბანდისტების შემოტევების დროს, ერთი წუთითაც არ დაუხევია უკან, არ დაუხევია არც მაშინ, როდესაც ათეულობით მანქანა აფეთქდა, განადგურდა და დაიწვა, რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაიჭრა.

თავის მოვალეობას ეს ხალხი დღესაც ღირსეულად ასრულებს.

მინდა მივესალმო ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ დავით ქარსელაძეს, რომელიც დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფება.

მან და მისმა მეგობრებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაახლოებით, სამი მილიონი ლარი აკრიფეს, რომელიც პენსიონერებს, გაჭირვებულებსა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს მოხმარდება.

ბატონო დავით, გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

ჩვენ მოვახერხეთ მთავარი ამოცანის გადაწყვეტა - აჭარის ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს კონტროლის აღდგენა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, წინა მთავრობის ერთ-ერთ მოხელეს ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა და ამას მეუბნებოდა კიდეც.

ეს ჩვენც შეუძლებელი გვეგონა, თუმცა მოვახერხეთ.

ეს მოახერხა არა რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, ან თუნდაც ყველამ ერთად, არამედ ჩვეულებრივმა აჭარლებმა, რომლებსაც სისხლსა და ხორცში ჰქონდათ გამჯდარი ის, რომ ვერავინ ვეღარასდროს ააფეთქებდა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ხიდებს.

თქვენ, ალბათ, გახსოვთ ის კადრები - ორი სრულიად დაუცველი ადამიანი, რომლებსაც კბილებამდე შეიარაღებული ?ბაბუინები" სცემდნენ, ესროდნენ ;სხვათა შორის, არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი და ემუქრებოდნენ, რომ თავისი ხელისუფლებისა და შემოსავლების გამო, ყველაფერზე წავიდოდნენ.

ეს ორი ადამიანი ახალი ქართული ეროვნული დროშით ხელში, წყლის ჭავლის ქვეშ იდგა და ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან.

მინდა მივესალმო ალექსანდრე იაკოვენკოსა და ომარ ჯიჯავაძეს, რომლებიც ჩვენთან ბათუმიდან ჩამოვიდნენ.

ესენი საქართველოს ნამდვილი გმირები არიან.

მინდა ჩვენს სამართალდამცავებზე ვისაუბრო, რომელიც ხალხს ძალიან შეუყვარდა.

არავის ეგონა, რომ საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიცია ნდობით აღიჭურვებოდა და ხალხს შეუყვარდებოდა.

პოლიციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ამერიკული ან სხვა ფილმების შედეგი გვეგონა და ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ ეს რეალურად გახდებოდა შესაძლებელი.

მე მინდა მივესალმო ამ ხალხს, საპატრულო პოლიციის თითოეულ თანამშრომელს.

ჩვენთან ერთად მათი წარმომადგენელი დავით ტაბუცაძე იმყოფება.

იგი უშიშრად, მარტო გაეკიდა კბილებამდე შეიარაღებულ ხუთ ბანდიტს, რომლებიც ირანის მოქალაქეს დაესხნენ თავს და დააკავა.

რამდენიმე დღის წინათ, ამ ადამიანმა ოცდაერთი წლის გოგონა გადაარჩინა, რომელიც მტკვარში თავს იხრჩობდა.

იგი დაუფიქრებლად გადახტა მტკვარში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გოგონა წყლიდან ამოიყვანა.

მინდა მივესალმო ბატონ შამილ ქორთოშაძეს, რომელიც სვანეთში აფრასიძეების ბანდის წინააღმდეგ განხორციელებული განმათავისუფლებელი ოპერაციის გმირია.

წლების განმავლობაში ყველა სამართალდამცველი ამბობდა, რომ მათი განადგურება შეუძლებელი იყო, შემორიგება კი ათასჯერ მაინც სცადეს.

ეს ბანდა იტაცებდა ხალხს, მათ ათასობით ადამიანს გამოძალეს ფული და ათეულობით ადამიანი დახოცეს.

ბატონმა შამილმა სვანეთში სპეციალური დანიშნულების რაზმი გადასვა, თუმცა ყუმბარმტყორცნიდან პირველივე გასროლით მისი ვერტმფრენის ერთი ძრავი მწყობრიდან გამოიყვანეს.

წესით, ვერტმფრენი უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ მან ქუთაისიდან სვანეთში კიდევ რამდენიმე რეისი გააკეთა, ახალი ძალები ჩამოიყვანა, რომლებმაც აფრასიძეების ბანდა მთლიანად გაანადგურეს.

შამილ ქორთოშაძეს უკან ერთი წუთითაც არ დაუხევია.

მინდა ორიოდე სიტყვა კვლავ საპატრულო პოლიციაზე ვთქვა - მთელი ეს სისტემა, ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის ობიექტია.

ამ სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მომიყვა ისტორიას, რომელშიც, იმედი მაქვს, გადაჭარბებული არაფერია.

იმისათვის, რომ პოლიციელებმა ქრთამი არ აიღონ, შესამოწმებლად, ხშირად, დარღვევების ინსცენირებას ვახდენთ.

საინტერესოა, როგორ რეაგირებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოება, ამ ფაქტთან დაკავშირებით.

მაგალითად იმერეთში როდესაც მოძრაობის წესების უხეშად დამრღვევმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს ქრთამი შესთავაზა, მან უარი თავაზიანად უთხრა და დააჯარიმა.

ხაშურში მსგავს სიტუაციაში, მოძრაობის წესების დამრღვევი დააპატიმრეს, მანქანა ჩამოართვეს, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს და ორმაგად დააჯარიმეს, გორში კი, მაქანიდან გადმოათრიეს და კარგადაც წაუთაქეს.

რა თქმა უნდა, მსაგავს საქციელს, ყველაზე კეთილშობილური მიზნით ჩადენილსაც კი, არ მივესალმებით.

მინდა განათლების სისტემის მუშაკებზეც ვისაუბრო.

აქ იმყოფებიან პედაგოგები ივლიტა ლობჟანიძე და გელა თავაძე.

ივლიტა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტია.

ორივე საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე აზერბაიჯანელებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ივლიტა აღსაზრდელებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას აწვდის, მაგალითად, იგი მეორე-მესამე კლასელებს თრიალეთის თასზე ესაუბრა და მისი ფოტო აჩვენა.

ბავშვებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერება და ამის შესახებ ბატონ დავით ლორთქიფანიძეს უკვე შევუთანხმდით.

ივლიტამ საახალწლო მოსალოცი ჩამომიტანა, რომელიც ბავშვებმა იმდენად დიდი სითბოთი და გრძნობით დაწერეს, რომ მართლაც მიხიბლული ვარ.

ასეთი ენთუზიასტები, მოხალისეები და ახალი საქართველოს ნამდვილი გმირები, დღეს უკვე ასობით და ათასობით გვყავს.

მინდა, რომ მათ მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რომ ისინი ამას აკეთებენ.

პირველად თანამედროვე ისტორიაში, არცთუ დიდი, მაგრამ მოდერნიზირებული შეიარაღებული ძალები ყალიბდება.

ერის შესაკვრელად და ეროვნული სიამაყისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არამარტო საქართველოში მზადდება, ყოველ დღე ძლიერდება და მათი მოდერნიზაცია ხდება, არამედ ის შეიარაღებული ძალებია, რომლებიც საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს.

ნურავინ დასვამს კითხვას, თუ რატომ ვართ ჩვენ იქ.

საქართველო უნდა იყოს ამ პროცესების მონაწილე, რადგან ჩვენმა ქვეყანამ, მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს.

ჩვენ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არ ვართ.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მშვიდობიანი პროცესების განსახორციელებლად, დღეს, როგორც არასდროს, საერთაშორისო მხარდაჭერა და რესპექტაბელურობა სჭირდება.

მშვიდობის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანა ძლიერი იყოს.

ჯარი მისი შემადგენელი ნაწილია.

ზაფხულში, ანტიკონტრაბანდული ოპერაციის დროს, ჩვენი 16 საუკეთესო ჯარისკაცი დაიღუპა.

აქ იმყოფება ამერიკული პროგრამის მიხედვით კრწანისის პოლიგონზე გაწვრთნილი პირველი ქალი ინსტრუქტორი - ქალბატონი ია.

აქვე იმყოფებიან ერაყიდან ჩამოსული ჩვენი ჯარისკაცები, რომლებსაც მინდა ფეხზე წამოვუდგეთ.

მთელ საქართველოში და თქვენს შორისაც არიან რეზერვისტები.

ეს სრულიად განსაკუთრებული ფენომენია.

ეს არის ხალხი, რომელმაც საკუთარი სამშობლოსა და მისი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა იგრძნო.

ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია.

პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტარებმა ჯარში სამსახური დაიწყეს.

ეს იმ საქართველოში ხდება, სადაც პარლამენტარი კი არა, მისი ბიძაშვილი და შორეული ნათესავიც კი ვერ მოხვდებოდნენ ჯარში - ეს სისტემურად შეუძლებელი იყო.

ამ დარბაზში არიან ჩვენი მეგობრები, რომლებმაც რეზერვში სამსახურის დროს, სხვებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

როდესაც ვამბობ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ერთ-ერთი ელჩი შემედავა და მართალიც იყო, რადგან ნინო ანანიაშვილიც ერთ-ერთი ასეთივე დიდი ქართველი პატრიოტია.

მინდა ვისაუბრო ჩვენს ეკონომიკურ გეგმებზე.

დავიწყეთ ჩვენი ქონების პრივატიზაცია და უნდა გვესმოდეს რისთვის ხდება ეს.

ეს არ არის ქონების გასაღების პროცესი, პირიქით, ჩვენ გვაქვს ქონება, რომელშიც ფული უნდა ჩაიდოს.

დღეს, საპრივატიზაციო პროცესები ადრინდელისგან სრულიად განსხვავდება ;ე.წ. საპრივატიზაციო პროგრამები .

აქამდე ეს პროგრამები იმას გულისხმობდა, რომ ობიექტი უფასოდ გადაეცემოდათ და ოცი წლის შემდეგ ოც მილიონს ჩადებდნენ.

ფული ეხლავე უნდა ჩაიდოს იმისათვის, რომ ხვალ მისი ამოღება შესაძლებელი გახდეს.

ხალხი უნდა დაასაქმონ და ობიექტები ამუშავდეს, იმისათვის, რომ შემოსავალი გაგვიჩნდეს, რაც ფრიად მომგებიანი იქნება.

მომავალი ჩვენვე უნდა შევიქმნათ.

ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა ენერგომომარაგებას შეეხება.

თბილისსა და ბათუმს ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში მიეწოდება, მაგრამ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ამასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა.

ეს ის სფეროა, რომელშიც ინვესტიციები უნდა ჩაიდოს.

ფული ენერგეტიკისთვისაც და ჯანდაცვის სფეროსთვისაც გვჭირდება.

აუცილებელია ახალი საავადმყოფოების აშენება, რადგან ჩვენ სამედიცინო სკოლას ვკარგავთ, რომელიც, პრაქტიკულად, განადგურების პირასაა მისული.

ასევე აუცილებელია განათლების სფეროს დაფინანსება.

ჩვენ ახალ სკოლებს ვქმნით.

ქუთაისში სამთავრობო კადრებისთვის ახალი ადმინისტრაციული სკოლა ყალიბდება, სადაც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ისწავლიან.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ სკოლის და ჩვენი უნუვერსიტეტების, მეცნიერების დაფინანსება.

ეს თავდაცვის სფეროსაც ეხება.

ქვეყანა საჯირითო ადგილი აღარ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ფული ღირს.

საქართველოს არ აქვს ნავთობი, ჩვენი მთავარი სიმდიდრე ხალხია.

ხალხმა ამ საწარმოებში უნდა დაიწყოს მუშაობა, რომლებსაც რეალური მფლობელები უნდა ჰყავდეს.

მინდა ვთქვა, რომ ამ წლის მანძილზე ბევრი რამ განვახორციელეთ.

ეს ხალხი მართლაც საქართველოს სიამაყეს წარმოადგენს, მაგრამ ის ამ სიამაყის მხოლოდ ნაწილია.

ახალ საქართველოში, რომელშიც ეროვნული ღირსების გრძნობა, გამარჯვების რწმენა და ერთიანობის განცდა დავიბრუნეთ, დღეს ყველას ერთი მიზანი გვავს - ეს ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

ჩვენ შევქმენით იდეოლოგია, რომ საქართველოს არა პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და მთავრობის წევრები, არამედ თოთოეული მოქალაქე თავისი რწმენითა და ცნობიერებით აშენებს.

საქართველოს ამაყი და პატრიოტი ქართველები აშენებენ.

ჩვენ ვიბრუნებთ საქართველოს და საქართველო, თავის მხრივ, საკუთარ მოქალაქეებს იბრუნებს.

ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, წლევანდელი წელი იყო პირველი, როდესაც ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი შემოსულთა რაოდენობაზე უფრო ნაკლები იყო.

ეს უზარმაზარი შემობრუნების დასაწყისია.

საზღვარგარეთ მცხოვრები ათასობით ქართველი ბინებს თბილისში ყიდულობს.

ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა შემოვიღეთ და ათიათასობით ადამიანმა, არამარტო მათ, ვინც ბოლო წლებში დატოვეს საქართველო, არამედ მათაც, ვინც საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილნი არიან თავიანთ ქვეყანას, საქართველოს საკონსულოებს მიმართეს და მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვენ.

ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ამის მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ ნათელი მაგალითია.

ჩვენს გვერდით არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც ქვეყნიდან იმიტომ კი არ წავიდა, რომ სამშობლო არ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ იგი საქართველოს არ სჭირდებოდა.

მინდა გამოვაცხადო, რომ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, მე-12 მუხლის საფუძველზე, კახი კახიაშვილს, ამჟამად საბერძნეთის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობას ვუბრუნებ და ამას აქვე ვაწერ ხელს.

ქართული პასპორტი მას აქვე გადაეცემა.

ეს არის ჩვენი ერთი წლის მიღწევები.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

მე ვსვამ კითხვას, არის თუ არა ეს საკმარისი; - რა თქმა უნდა, არა.

კმაყოფილების გრძნობა ჩვენთვის უცხო უნდა იყოს.

ძირითადი მიზნები განსახორციელებელია და დიდი სირთულეების გადალახვა მოგვიწევს.

ჩვენ შევძელით პენსიების გაორმაგება და სახელფასო სფეროში წესრიგის დამყარება.

ჩვენ ჯერ ვერ შევძელით პედაგოგებისათვის და განათლების მუშაკებისათვის ხელფასების გაზრდა, რასაც წელს აუცილებლად გავაკეთებთ.

ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფცია და განუკითხაობა აღმოვფხვერით, მაგრამ ზოგიერთ რაიონებში, განსაკუთრებით იმერეთსა და სამეგრელოში, ეს სერიოზულ, მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

სახელმწიფო სფეროში სტრუქტურული რეორგანიზაცია მოვახდინეთ, ხალხი შევამცირეთ - ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

საქართველომ თითქმის უიმედო კრიზისიდან გამოსვლა შეძლო, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით, ჯერ ვერ შევძელით ევროპული ტიპის ქვეყნად გარდაქმნა.

რა ამოცანები დგას ჩვენს წინაშე; - ეს არის სამუშაო ადგილები, რომლებსაც მექანიკურად ვერ შევქმნით, ანუ ჩვენ ის დარგები უნდა განვავითაროთ, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილები შეიძლება იყოს.

აუცილებელია ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება და სხვა ბაზრებზე გასვლა.

ასევე ბიზნეს-ინვესტიციების ხელშეწყობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში.

უნდა გავითარდეს ინფრასტრუქტურა.

იმისათვის რომ ბიზნესი განვითარდეს, მთავრობამ, უწინარესად, ინფრასტრუქტურაში უნდა ჩადოს ფული და გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემები უნდა შეკეთდეს, ასევე ენერგოსისტემაში არსებული პრობლემები უნდა დავძლიოთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ განათლების რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ.

უფლება არ გვაქვს უკან დავიხიოთ და შანტაჟს წამოვეგოთ, ვინაიდან ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი სწორედ ამ სფეროს განვითარებაზეა დამოკიდებული.

ეს არის ის, რაც საქართველოს განვითარებულ ქვეყნად გრძელვადიანად აქცევს.

როდესაც სასამართლო რეფორმის განხორციელება პირველად დავიწყეთ, ის სწორ პრინციპებს ეფუძნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ჭაობში მშრალი ადგილი იყოს და ამას არც პროკურატურის და არც პოლიციის რეფორმა არ მოყვა.

ამიტომაც სასამართლო რეფორმის დისკრედიტირება მოხდა.

მივესალმები პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ძალისხმევას.

მართალია, საოცრებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა ისე არ ხდება, როგორც ეს მოსამართლეებს ესმით.

ეს არ არის დამოუკიდებლობა სინდისისაგან და კანონისაგან, ეს არის დამოუკიდებლობა წნეხისაგან.

საზოგადოების წინაშე ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რაც სასამართლო სფეროში მომუშავეთაგან 90 პროცენტს აღარ გააჩნია.

თუ ჩვენ გვინდა რაიმეს მივაღწიოთ, ამ სფეროს უნდა მივხედოთ.

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ კოტე კემულარიას, რომელმაც სერიოზული ცვლილებების განხორციელება დაიწყო და ამას, ალბათ, ახალ თანამდებობაზეც გააგრძელებს.

რაც შეხება თვითმართველობის რეფორმას, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, ვაღიარებ - მე არ ვარ მზად იმისათვის, რომ ცენტრიდან ყველა მმართველი ორგანო დავაკომპლექტო, ეს შეუძლებელია.

ვინც ეს სცადა, ყველამ ცუდად დაამთავრა.

რა თქმა უნდა, გამგებლები და მერი შესაბამისი საარჩევნო სისტემის მიხედვით უნდა აირჩიონ, ამის განხორციელებას კი, მომავალი წლიდან შევძლებთ.

მადლობელი ვარ ვანო ხუხუნაიშვილის კომისიის, მან ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა.

მადლობელი ვარ ივლიანე ხაინდრავასი, რომელსაც რეგიონების საკანონმდებლო ორგანოს შექმნასთან და გუბერნატორების კონტროლთან დაკავშირებით, ძალზე საინტერესო წინადადებები აქვს, რაც შეუწყობს საქართველოში სუბსიდიალების პრინციპის დანერგვას.

პარლამენტის შემცირება 150 კაცამდე.

მე საუბარი მქონდა ფრაქციათა წარმომადგენლებთან და ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამას მხარი დაუჭირა.

ქართული პარლამენტარიზმისათვის ეს არის ტესტი.

F2 მილიონ 300 ათასმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტში 150 კაცზე მეტი არ უნდა იყოს.

ის, ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ამ ხალხს სახეში შეაფურთხებს.

არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ამას ხალხი არ პატიობს.

ბალანსი უნდა დავიცვათ - დარჩეს 50 მაჟორიტარი და იყოს პროპორციული სისტემა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ზედა პალატის შექმნაზე უნდა ვიფიქროთ, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოებშია, რადგან პარლამენტი დაბალანსების პრინციპს ეფუძნება.

ეს იქნება გამოცდა" ვართ თუ არა კორპორატიული პარლამენტი, თუ გავხდით გაურკვეველი სახის სახალხო ორგანო.

ვართ თუ არა ისეთი პარლამენტი, რომელიც თავის ამომრეველს უსმენს, და იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ოთხი წელი ვერავინ ვერ შეეხება, არამედ იმაზე, რომ 4 წლის შემდეგ ისევ უნდა დაბრუნდეს თავის ამომრჩეველთან.

მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პარლამენტით, ეს პირველი საკანონმდებლო ორგანოა, სადაც აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა - პარლამენტარებს ერთმანეთი არ უცემიათ.

ეს არის დემოკრატიის საოცარი მიღწევა.

აქ არიან დაცვის თანამშრომელი ძებისაშვილი და პარლამენტარი დავით კირკიტაძე.

ეს ორი კაცი ჩვენი დროის სახალხო გმირია.

ამ ბიჭმა მოახერხა ძალიან ავტორიტეტულ პარლამენტარს შეკამათებოდა და გაეჩერებინა, რასაც სხვები ვერ ბედავენ.

დათო კირკიტაძე, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია, წინა პარლამენტარებისაგან განსხვავებით, მოტრიალდა და თქვა, ეს კაცი მართალია და ბოდიშს ვიხდი, კანონი წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და სამართლიანი შენიშვნისას ყოველთვის უკან დავიხევ.

ეს ახალი ტიპის პოლიტიკაა.

ძალიან დიდი მადლობა ორივეს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას.

საქართველო სულ სხვა ქვეყანა, დანარჩენი მსოფლიოსათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდა.

ძალიან ცოტა ქვეყანა ვიცი, რომელიც ასეთ ინტერესს იმსახურებს, ამაში, ვფიქრობ, გაზვიადებული არაფერია.

ჩვენ ინტერესს ვიმსახურებთ არა იმისათვის, რომ საქართველოს ლიდერმა სადმე რამე დაანგრია - ეს არ არის კარგი რეკლამა, არა იმის გამო, რომ ჩვენ დერეფანი ვართ, ან იმისათვის, რომ საოცრება ჩავიდინეთ, არა - ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ.

რუსეთის დუმაში, რამდენიმე წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელს კითხეს" რა არის გასული წლის მთავარი მოვლენა; მათ ქართული რეფორმები დაასახელეს.

თქვენ ნახეთ რა მოხდა უკრაინაში.

აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარია

უკრაინაში ხალხმა იუშენკოს და ტიმოშენკოს მთავრობა აირჩიეს.

ჩვენს სამეზობლოსთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ.

ჩვენს მეზობელ რუსეთთანაც გვაქვს პრობლემები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს.

ორივე მხარე თანაბრად უნდა წავიდეს კომპრომისებზე, ამასთან დაკავშირებით კი, უნდა მოვილაპარაკოთ.

მე მზად ვარ ხელახლა ჩავიდე მოსკოვში, შევხვდე პრეზიდენტ პუტინს, ხელახლა გავუწოდო მეგობრობის ხელი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საზოგადოება ამ ფაქტს ძალიან კარგად შეხვდა, პრაქტიკულად, ჰაერში გაწვდილი დარჩა.

ძალიან მომეწონა კობა დავითაშვილის გამოსვლა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან ბევრი რამ, რასაც ბატონი კობა აკეთებს, არ მომწონს.

მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

მისი თქმით, არის გარკვეული პრინციპები, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს და არ შეიძლება, რომ ადამიანმა თავზე ხელი აიღოს.

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ პრინციპებზე.

კერძოდ, ეს არის საქართველოს ევროპული ორიენტაცია, უცხოური ბაზები არ უნდა იყოს განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე.

ყველა სხვა პარტია, რომელიც განაცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია არ უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უცხოური ბაზები უნდა იყოს და ქვეყნის განვითარების საქმეში უცხოელები უკანონო გზით უნდა ჩაერიონ, ასეთი პარტიები დაუყონებლივ უნდა გამოცხადდნენ უკანონოდ.

ლიტვაში ყველა პარტია, რომლებიც მუდმივად ქიშპობდნენ, ერთ დღეს გაერთიანდა და არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მათ მოახერხეს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა, რადგან ლიტვის დამოუკიდებლობა მათთვის მთავარი აღმოჩნდა.

იმ პარტიამ კი, რომელმაც ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ასობით მილიონი დოლარი დახარჯა, ვერაფერი გააწყო და გარეთ აღმოჩნდა.

დამოუკიდებლობის გადასარჩენად, ჩვენც ასე უნდა ვისწავლოთ მუშაობა.

უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებთან, ქართულ სახელმწიფოს არამარტო ისინი უნდა სცემდნენ პატივს.

აზერბაიჯანელებმა, რომლებსაც ქართულს ივლიტა და გელა ასწვლიან, უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის ნაწილი გახდებიან, თანამდებობებზე დაინიშნებიან და მათ ისეთივე ხელფასები და უფლებები ექნებათ, როგორიც საქართველოს სხვა ნებისმიერ მოქალაქეს.

მაშინ ისინი არამარტო ისწავლიან ენას, არამარტო არსად გაქცევას არ მოინდომებენ, არამედ იმსახრებენ ქართულ ჯარში, საქართველოს დასაცავად სისხლს დაღვრიან და ქართული სახელმწიფოსგანუყოფელი ნაწილი იქნებიან.

ჩვენ ბევრი მითი დავამსხვრიეთ, რამდენი წელია ამბობენ, რომ ახალქალაქში ჩასვლა საშიშია.

ეს მხარეც საქართველოს ჩვეულებრივი ნაწილია, სადაც ისევე უყვართ ჩვენი დროშა, ჩვენი ჰიმნი, როგორც სხვაგან და შეურაცხყოფილნი არიან იმით, რომ დღემდე ასეთი დამოკიდებულება იყო.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ესენი ჩვენი აზერბაიჯანელები არიან, ეს ხალხი კულტურის, მეცნიერების სფეროში მოღვაწეობს და ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

ამიტომ ჩვენ ადმინისტრაციულ სკოლას ვქმნით.

ეს ხალხი უნდა მოვამზადოთ და მათგან საუკეთესოები ამოვარჩიოთ, რათა მომავალში მათაც შეეძლოთ საბაჟოზე, პარლამენტის აპარატში და სამინისტროებში მუშაობა.

ძალიან მინდოდა, რომ დღეს ალიკ კოზაევი ყოფილიყო აქ.

იგი ცხინვალიდან არის და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტია, რომელმაც ცხინვალის რეგიონიდან საკუთარი რისკის ფასად, ზაფხულში, დაახლოებით, 800 ბავშვი ჩამოიყვანა.

ეს იმისათვის გააკეთა, რომ ქართულ და ადგილობრივ ოსურ მოსახლეობას შორის არსებული მტრობის კედელი მეგობრობისა და ძმობის ხიდით შეიცვალოს.

დღეს, ეს კაცი საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის დილეგში ზის.

ეს ჩვენი სირცხვილია, ეს არის თანამეგობრობის სირცხვილი, რადგან ის ამაზე დუმს და მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი კონფლიქტების ასპექტებია.

დღეს, ყველამ ერთად ტაში დავუკრათ ალიკ კოზაევს და მისი გათავისუფლება მოვითხოვოთ.

რა ვისწავლეთ გასულ წელს; ჩვენ ვისწავლეთ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ფუნციონირებადი, ძლიერი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფო.

ჩვენ ვისწვალეთ, რომ ჩვენი ერის ძალა მისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებიდან და მრავალეთნიკურობიდან მომდინარეობს.

ჩვენი ძალა ჩვენს მრავალფეროვნებაში, ტოლერანტურობასა და ერთიანობაშია.

ჩვენი დიდი კულტურიდან ვიწავლეთ, რომ ძალა ერთობაშია, ეს ყველაზე უკეთ დავით აღმაშენებელმა გვასწავლა.

საქართველო ძლიერი მაშინ იყო, როდესაც იგი ერთნაირად ეკუთვნოდა მის თითოეულ შვილს და მისი ხელისუფლება ყველას ერთდროულად აღიარებდა და ანგარიშს უწევდა.

საქართველო ძლიერი მაშინ იყო, როდესაც ყველა რელიგიას ერთდროულად სცემდა პატივს, თუმცა საქართველოში განსაკუთრებულ, მთავარ როლს ყოველთვის მართლმადიდებლობა ასრულებდა.

ყოველგვარი მცდელობა, შეირყეს ქართული მართლმადიდებელი ერთიანობა, ყოველგვარი თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე, ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელი პოლიტიკური ქმედებაა.

პოლიტიკაში გარკვეული თამაშის წესები არსებობს, რომელთა უგულვებელყოფა არ შეიძლება.

ეკლესიის შიგნით რაიმე ინტრიგების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა, საქმე არ არის.

ჩვენი ეკლესიის ერთიანობა და მისი განსაკუთრებული როლი ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტებშია მთავარი.

ამ დარბაზში ადგილი, სადაც მისი უწმინდესობა ზის, შარშან 22 ნოემბერს თავისუფალი იყო, ეს პოლიტიკაში მონაწილეობა კი არა, არამედ არმონაწილეობის ხარჯზე სამოქალაქო გმირობა იყო.

ჩვენ ვისწავლეთ, ქართულ სიმბოლიკის პატივისცემა.

საქართველოში არცერთი ბავშვი არ იყო, რომელმაც საქართველოს ჰიმნი იცოდა.

დღეს კი, არ არის არცერთი ბავშვი, რომელმაც ახალი ქართული ჰიმნი არ იცის.

როდესაც ბავშვები მხედავენ, ჰიმნის სიმღერა უნდებათ, ეს არის პატარების მონაწილეობა სახელმწიფოს შენებაში.

ზურაბ ჟვანია სიამაყით მიყვებოდა, თუ როგორი სიამოვნებით მღერიან მისი შვილები საქართველოს ჰიმნს, მათ არ შეუძლიათ რეზერვისტებად წასვლა, პარლამენტში კენჭისყრა, მაგრამ მათ კარგად სწავლა და ჰიმნის სიმღერა შეუძლიათ.

ჩვენ ვისწავლეთ, რომ დემოკრატია და სტაბილურობა ქვეყანაში ერთდროულად უნდა არსებობდეს, თურმე შეიძლება წესიერი მთავრობა გვყავდეს.

ის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ჩვენთან ყველაზე სუფთა მთავრობაა, ყველა აღიარებს.

განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც წინა მთავრობის წევრებმა მოპარული თანხის ნაწილი უკან მოიტანეს, ზოგიერთი ისევ არის დაპატიმრების კანდიდატი, მათ შენობებს ვუშენებთ.

მოვიდა განსაკუთრებული ხალხი, რაც დასაფასებელია.

პრემირ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელი ერთადერთი ნიშნით წარმოვადგინეთ -თუკი რაიმეში წარმატება გვქონდა, ეს, უპირველესად, პენსიებისა და ხელფასების დროულად გაცემას, გაზრდილ შემოსავალს ეხება, რაც ფინანსთა სამინისტროს დამსახურებაა.

როდესაც ადამიანი ასე მუშაობს, იგი აუცილებლად უნდა დაწინაურდეს.

ეს არის ჩვეულებრივი პრინციპი.

მეორე -მთავრობა ძლიერდება იმით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხდება იუსტიციის მინისტრი.

რა თქმა უნდა, გადაჯგუფებები მოსალოდნელია, რადგან ამ მეთოდმა გაამართლა.

ოქრუაშვილი ყველაზე კარგი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ოდესმე გვყოლია.

ბარამიძე იყო კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ შემდეგ, ოქრუაშვილის სახით, უკეთესი მოვიდა, ოქრუაშვილზე უკეთესი მინისტრი კი, მოვიდა მერაბიშვილის სახით გვყავს, ოქრუაშვილი იყო კარგი პროკურორი, მაგრამ უკეთესია ადეიშვილი, ასე რომ, გადაჯგუფების არ უნდა გვეშინოს.

ჩვენი კადრების საუკეთო ნაწილი პარლამენტშია.

მადლობელი ვარ იმ მუშაობისათვის, რაც თქვენ გაწიეთ.

ნახეთ, როგორ მუშაობენ მაჟორიტარები -ბორჯომში გრიგალაშვილის მუშაობის შედეგს მალე დავინახავთ, უკვე ბევრი რამ გაკეთდა: ნახეთ, როგორ მუშაობს აკაკი ბობოხიძე შედარებით ღარიბ რაიონში: როგორ მუშაობს დმანისში კახა ოქრიაშვილი -ამ გაუბედურებულ რაიონს პატრონი გაუჩნდა.

კარგად მუშაობენ პარლამენტის კომიტეტები -საბიუჯეტო კომიტეტმა მართლაც უიმედო პირობებში, სრულიად ახალი სახის კოდექსი შექმნა.

ჩვენ ეფექტიანი ხელისუფლება შევქმენით.

ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მოულოდნელ რყევებს, ტერაქტებს, ტრაგედიებს გავუძლოთ, მაინც ძლიერები დავრჩეთ და ოპერატიულად ვიმუშავოთ.

ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს" ქვეყანას, რომელსაც დასაბრუნებელი აქვს ყველაზე თვალწარმტაცი ადგილი, მას კი ძლიერი და აგრესიული ძალები ეწინააღმდეგებიან: ქვეყანას, რომელმაც ძალა უნდა იპოვნოს, რათა თავის პრობლემა გადაჭრას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშტაბური განვითარებას ვერ განვაგრძობთ.

ჩვენ საქართველოს დაცვა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ბრძოლა უნდა ვისწავლოთ.

ეს არ მოხდება მანამ, სანამ თითოეული ჩვენთაგანი მუშაობას არ ისწავლის, ქვეყანას არ მოვუვლით და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი, დიდება საქართველოს!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code