Google+

წლიური ანგარიში

15.03.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური შემაჯამებელი მოხსენება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე

ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომა, რადგან მე მოვდივარ აქ, როგორც არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში, არამედ მოვდივარ თქვენთან - საკუთარ თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა ძალზე მნიშვნელოვან და ძლიერ გუნდთან.

ეს მოხსენება არ არის პრეზიდენტის ანგარიში მხოლოდ პარლამენტის წინაშე - ეს ჩვენი საერთო ანგარიშია ქართველი ერის წინაშე.

აქ ჩვენ, ყველა ერთად, სწორედ ხალხმა მოგვიყვანა და ქართველმა ერმა სწორედ ამ შენობაში დაგვისახა სამოქმედო ამოცანები.

ჩვენ, ყველამ ერთად, სწორედ აქ მივიღეთ ხალხისაგან დავალება და ანგარიშს მას ყოველ წელს აქედანვე ვაბარებთ.

პარლამენტის მხარდაჭერისა და თქვენი ენერგიის გარეშე, პარლამენტის თავჯდომარის, კომიტეტების თავმჯდომარეების, თითოეული დეპუტატის მიერ გაწეული რეფორმატორული, უანგარო შრომის გარეშე, ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვერც პრეზიდენტი შეძლებდა და ვერც მთავრობა.

Aმ წლებში ჩვენ შევქმენით ძლიერი საპარლამენტო ტრადიციები, რომელსაც საფუძველი ზურაბ ჟვანიამ ჩაუყარა და დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რეფორმატორული და მოწინავე პარლამენტი გვაქვს.

ჩვენ ხალხმა დიდი ნდობა გამოგვიცხადა და უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. მათგან მივიღეთ არა მარტო დიდი მხარდაჭერა, არამედ დიდი მოლოდინიც, რომ იმედებს გავუმართლებთ. ჩვენ ხალხისაგან მივიღეთ დავალება: შეგვეცვალა გაპარტახებული ქვეყანა, შეგვეჩერებინა ვარდნა, ფეხზე დაგვეყენებინა და შეგვექმნა თანაბარი პირობები განვითარებისთვის.

  • ჩვენ დავალებად მივიღეთ:
  • დაგვებრუნებინა ქვეყნის ღირსება;
  • დაგვემყარებინა წესრიგი, დაგვემარცხებინა კრიმინალური და ქურდული სამყარო, რომელიც სიცოცხლეს უმწარებდა ხალხს;
  • დაგვემარცხებინა კორუფცია, შეგვეჩერებინა ყოველ ნაბიჯზე ხალხისათვის ფულის წართმევა, სახელმწიფო ორგანოს ყველა დონეზე ქრთამის გამოძალვა, სახელმწიფო და არასახელმწიფო მოხელეების მიერ ხალხის ჯიბეებში ხელის მუდმივი ფათური;
  • გაგვეზარდა განიავებული და გაცამტვერებული ბიუჯეტი, პენსიები და ხელფასები, გაგვესტუმრებინა მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი დავალიანებები;
  • დაგვეძლია ასევე მრავალწლიანი ენერგოკრიზისი, რომ ხალხს ღირსებოდა ანთებული ნათურა, გამთბარი სახლი, ჩართული ტელევიზორი; რომ საშუალოდ 2 საათის ნაცვლად 24 საათის განმავლობაში ჰქონოდათ ელექტროენერგია და 21-ე საუკუნეში არ ყოფილიყვნენ ნავთქურისა და ჭრაქის ამარა;
  • შეგვექმნა პირობები, სადაც ცოდნა და სიმართლე დაფასდებოდა; სადაც პატიოსანი და შრომისმოყვარე მიაღწევდა წარმატებას, და არა მუქთახორა და ნაძირალა;
  • წერტილი დაგვესვა საქართველოს უსუსურობისა და დაბეჩავებულობისათვის. დაგვებრუნებინა ძალა და შეგვექმნა ისეთი ქართული არმია, რომელიც შეძლებდა სამშობლოს მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას.

ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო იყო ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში რადიკალური გარდაქმნები, მთავრობისა და პარლამენტის მობილიზებული, გააზრებული და ერთსულოვანი მუშაობა, სიბრძნე, მუშაობის სწრაფი ტემპი და გამძლე ნერვები.

დღეს მე თქვენთან ერთად ვაბარებ ჩვენს ხალხს ანგარიშს და წელში გამართული ვდგავარ ტრიბუნასთან. ჩვენი დიდი საერთო ძალისხმევის და, რაც მთავარია, ხალხის მხარდაჭერისა და მონდომების შედეგად ეს დავალებები სრულდება!

გაპარტახებული და წარუმატებლობის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის ნაცვლად ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სახელმწიფოა.

სტაგნაციაში გაყინული, მაჩანჩალა ქვეყნის ნაცვლად, ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც მსოფლიომ ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა.

თავიდან ბოლომდე კორუმპირებული ქვეყნის ნაცვლად, ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ტემპითა და შედეგით მთელი მსოფლიოს ლიდერია.

იმ ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობდით, ყველაფერი - ქუჩა, ეზო, სკოლა, ინსტიტუტი, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება კრიმინალიზებული იყო. გაუგებარი იყო, დამნაშავისაგან უფრო უნდა დაგეცვა თავი თუ იმისგან, ვისაც დამნაშავისგან დაცვა თავად ევალებოდა. ახალ საქართველოში ეზოებში ბავშვები თამაშობენ, ქუჩებში პატრული ამყარებს წესრიგს, სკოლებსა და ინსტიტუტებში სწავლობენ, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებში ხალხს ემსახურებიან. სამართალდამცველი სამართალს და ხალხს იცავს, ხოლო დამნაშავე საკუთარი თავის დაცვას მართლმსაჯულებისგან ცდილობს, თუმცა აღარ გამოსდის.

იმ ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობდით, კანონმდებელი ქურდობდა, კანონს კი ქურდი წერდა. ჩვენ მიერ შექმნილ ახალ საქართველოში კანონმდებელი (თქვენი სახით) ხალხს და ქვეყანას ემსახურება, ხოლო ქურდი საიმედოდ ჩაკეტილ საკანში ზის და მთლიანადაა იზოლირებული საზოგადოებისაგან.

ქურდული გაგების ქვეყნის ნაცვლად (სადაც მინისტრებიც და მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და მათი უნიათობით იძულებული უბრალო ადამიანებიც ქურდებთან არჩევდნენ საქმეს), ახლა ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელშიც ქურდული ინსტიტუტი ხერხემალშია გადატეხილი.

ეს არის ანგარიშის პირველი პუნქტი.

შარშან მე გთხოვეთ, რომ მიგეღოთ კანონი ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ დარბაზში მსხდომი ადამიანები ამბობდნენ, რომ რაც სტალინმა ვერ მოახერხა, პატარა საქართველოს პარლამენტი მით უფრო ვერ მოახერხებსო. თუმცა სკეპტიკოსების მოსაზრებათა საწინააღგმდეგოდ, ათეულობით კრიმინალური ავტორიტეტი იქნა გასამართლებული და იზოლირებული საზოგადოებისაგან. ეს მოხდა არა იარაღის ან ნარკოტიკის ჩაგდებით, არამედ კანონისა და პროცედურების დაცვით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს მენტალიტეტის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ჩაბნელებული (მრავალი მნიშვნელობით) ქვეყნის ნაცვლად, დღეს ვცხოვრობთ ახალ, განათებულ საქართველოში.

დემორალიზებული, დაჩოქილი, ღირსებაშელახული და უიმედო ქვეყნის ნაცვლად, ახლა ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც არის ამაყი და წელში გამართული, რომელშიც ხალხს დაუბრუნდა ეროვნული ღირსების განცდა და რომელიც ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ოპტიმიზმის ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით.

ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ცოდნას ფასი აღარ ჰქონდა, წარმატებას ის აღწევდა, ვისაც უფრო მეტი ახლობელი ჰყავდა ან მეტი ფული ჰქონდა; სადაც დიპლომი იყიდებოდა და განათლება, ძირითადად, ელიტისათვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო; სადაც უმაღლესში მოწყობა, როგორც წესი, ჩაწყობით ხდებოდა. უბრალო ადამიანს თითქმის არ ჰქონდა საშუალება საკუთარი შვილებისათვის განათლება მიეცა, ხოლო ცოდნის დაგროვების შემთხვევაში _ მისი გამოყენების საშუალება. დღეს ვცხოვრობთ სქართველოში, სადაც სწორედაც ცოდნა ფასდება, ხოლო კარგი დიპლომის საფასური მხოლოდ სწავლა და მონდომებაა. დღეს უმაღლესი განათლებისათვის სახელმწიფო დაფინანსებას ყველაზე ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები მოიპოვებენ. ჩვენს უნივერსიტეტებში ირიცხებიან ყველაზე უბრალო ოჯახების შვილები, რომელთაც არასოდეს ექნებოდათ საშუალება ექირევებინათ რეპეტიტორები ან გადაეხადათ ქრთამი უმაღლეს სასწავლებელში მოსაწყობად.

დღეს ჩვენთან არის თინათინ მახარაძე ოზურგეთიდან, რომელმაც დაამთავრა ოზურგეთის მე-2 სკოლა და შარშან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღო ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება - საუკეთესო ათეულში შევიდა, გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მიიღო სრული სახელმწიფო დაფინანსება.

მივესალმოთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდას!

ჩვენი მიღწევების საფუძველი არის ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენი რეფორმატორული კურსისადმი. ყველა სკეპტიკოსის პროგნოზის მიუხედავად, რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ ყველა გამოკითხვით გვაქვს ფენომენალური მხარდაჭერა, რომლისაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ლიდერებსაც კი შეშურდებოდათ. და ეს იმ პირობებში, როდესაც მუდმივად გვაკრიტიკებენ და მასმედიის საშუალებით მთავრობის შესახებ რაიმე კარგის თქმა ცუდ ტონადაც ითვლება. ჩვენი რეფორმების უმთავრესი მიზანია მივიღოთ უკეთესი შედეგი ჩვენი თითოეული მოქალაქისა და თითოეული ოჯახის სასარგებლოდ.

ყველა რეფორმა, რომელ სფეროშიც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ერთს _ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. არ არსებობს არაპოპულარული რეფორმები. საქართველო არის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ხალხთან ერთად ყველაზე რთული რეფორმების განხორციელება. ჩვენი ხალხი ასჯერ უფრო ბრძენია, ვიდრე ზოგიერთი ის პოლიტიკოსი, რომელიც რეფორმების წინააღმდეგ გამოდის. ხალხი არც ერთხელ არ აყვა ამ რეფორმების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ:

  • განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა;
  • ხალხს გაუჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობა;
  • ადამიანები აღმოჩნდნენ ირგვლივ მყოფებთან თანაბარ პირობებში;
  • გაჩნდეს სამუშაო ადგილები;
  • ხალხს უფრო დიდი შემოსავალი ჰქონდეს;
  • თითოეული ადამიანი იყოს უფრო დაცული და ჰქონდეს წარმატებისა და განვითარების უკეთესი პირობები და საშუალებები.

ნახეთ როგორი სიცოცხლისუნარიანობა გამოიჩინა ქართველმა ხალხმა.

შარშანდელი წელი იყო ძალიან დიდი გამოწვევების, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი გამარჯვებების წელი. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გაგვიკეთეს ყველაფერი, რის თაობაზეც გვემუქრებოდნენ 1992 წლიდან, მაგრამ არ გვისრულებდნენ. გევმუქრებოდნენ ბაზრის ჩაკეტვით, ბუნებრივი გაზის გაძვირებით; გვემუქრებოდნენ, რომ აღარ გვექნებოდა მოგზაურობის საშუალება, გაგვიმკაცრებდნენ სავიზო რეჟიმს, ან სულაც აღარ მოგვცემდნენ ვიზებს; რომ გამოყრიდნენ ჩვენი ოჯახების იმ წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და აღარ ექნებოდათ შემოსავალი.

წლის განმავლობაში

  • ჩვენ გამოგვიცხადეს ენერგობლოკადა;
  • ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში გათბობის გარეშე დაგვიტოვეს ბავშვები;
  • ჩვენმა ყველაზე დიდმა სავაჭრო პარტნიორმა გამოგვიცხადა სრული ეკონომიკური ბლოკადა;
  • ყველაზე დიდი, ტრადიციული ბაზარი მთლიანად ჩაუკეტეს ქართველ ფერმერებს - ჯერ ვაშლის, ციტრუსებისა და ბოსტნეულის ქართველ ექსპორტიორებს, შემდეგ კი - ქართულ ღვინოს, ბორჯომსა და ყველა დანარჩენ ქართულ პროდუქტს.
  • ეს არ იკმარეს - მასობრივად დაიწყეს ქართველების გამოძევება მთელი მსოფლიოსა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დასანახად. კარგად ვიცი, რომ ყველა ქართველს, რომელსაც ქუჩაში აჩერებდნენ, პოლიციელები ეუბნებოდნენ წადით თქვენს პრეზიდენტს მოჰკითხეთ თუ რა დააშავეთო.
  • ხარჯეს მრავალი მილიონი, რომ საქართველოსათვის მოეკერებინათ არასაიმედო პარტნიორისა და ინვესტიციებისათვის არახელსაყრელი ქვეყნის იარლიყი; საინფორმაციო საშუალებებით ცდილობდნენ ჩვენთვის სახელის გატეხვას, რათა საქართველოში აღარ შემოსულიყო ინვესტიციები.
  • არაერთხელ სცადეს აემღვრიათ პოლიტიკური სიტუაცია ყველაზე ბინძური პოლიტიკური და მათ შორის ტერორისტული მეთოდების გამოყენებით;
  • მრავალგზის სცადეს სხვადასხვა სახის პროვოკაციაზე ჩვენი წამოგება სტაბილურობის დარღვევის მიზნით;
  • სცადეს მიეყენებინათ უმძიმესი ჭრილობა საქართველოსთვის ზემო აფხაზეთში;
  • ორგანიზებულმა დამნაშავეებმა და ქურდულმა სამყარომ, რომელიც მთლიანად ალაგმულია საქართველოში, სცადა რევანშის მოწყობა და საქართველოს კრიმინალურ ქაოსში დაბრუნება;
  • პოლიტიკური სასჯელის სახით გაგვიძვირეს ენერგომატარებლები.
  • ალბათ ძნელია თანამედროვე მსოფლიოში მოვძებნოთ ანალოგები, როდესაც განვითარების გზაზე მდგარ ახალგაზრდა სახელმწიფოს, ერთი წლის განმავლობაში, ამდენად დიდი ეკონომიკური დარტყმები და ასეთი ურთულესი გამოწვევები მიეღო.

ეს ჩამონათვალი ბევრი მძლავრი სახელმწიფოსათვის როგორც ეკონომიკური, ისე სრული პოლიტიკური კრახის მიზეზი გახდებოდა.

მაგრამ საქართველომ და, უწინარეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა, მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი ძალა და ბრძოლისუნარიანობა, თავისი სისუფთავე და სიმტკიცე.

ყველაფრის მიუხედავად, შარშანდელი წელი იყო დიდი ეკონომიკური წინსვლისა და შემობრუნების წელი. შარშანდელი წელი ჩვენ დავამთავრეთ ძალიან შთამბეჭდავი, თითქმის 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით.

ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა ის, რაც ჩვენ შევძელით საგარეო ვაჭრობის შენარჩუნების მხრივ. ჩრდილოეთით ჩაკეტილი ვაჭრობის მიუხედავად, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა და მან 2006 წელს თითქმის 5 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაგვიკეტეს მთავარი საექსპორტო ბაზარი, ექსპორტის ზრდამ 15 პროცენტს გადააჭარბა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველომ დიდი წარმატებით ჩააბარა გამოცდა - შევძელით მთელი ჩვენი ეკონომიკის სწრაფი რეორიენტაცია რუსეთიდან დასავლეთის ბაზრებზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბაზრებზე გადაწყობა საკმაოდ ძნელია.

პრაქტიკულას, საქართველომ მოახდინა სასწაული.

პირველად დაიწყო ქართული ექსპორტის დივერსიფიცირება და წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოდან, ძირითადად, ჯართი და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე გადიოდა.

თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 40 პროცენტით, ხოლო ევროკავშირთან - დაახლოებით 45 პროცენტით; უკრაინასა და ყაზახეთთან თითქმის გაორმაგდა. სულ მალე თურქეთთან, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ჩამოყალიბდა ჩვენს უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, ხელს მოვაწერთ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამით ბიზნესს შესაძლებლობების სრულიად ახალი, ძალიან დიდი სპექტრი გაუჩნდება. მოვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას და აღმოვფხვრით სატარიფო ბარიერებს ქართული პროდუქციისათვის, რათა დავაჩქაროთ ახალი ბაზრების ათვისება.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის ავისმოსურნეთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, წინა წლებთან შედარებით 2006 წელი იყო გამორჩეული - ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე წარმატებული!

ეს იყო გადამწყვეტი წელიწადი.

ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ქართული სოფლის მეურნეობის რეორიენტაცია ახალ ბაზრებზე და სოფლის მეურნეობაში დიდ ინვესტიციებს გავუხსენით კარი.

საქართველოში გაიხსნა და იხსნება ახალი საწარმოები სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რთველი ისე, რომ საქართველოში გაუყიდავი ყურძენი აღარ დარჩა. ემბარგოს მიუხედავად, გაიზარდა უცხოური ინვესტიციები ღვინის სექტორში. 2006 წელს ქართული ღვინის წარმოებაში რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო, მათ შორის 12-მილიონიანი იტალიური, ესტონური და უკრაინული. ქართული ღვინის გაყიდვა დაიწყო თურქეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, გაიზარდა საექსპორტო მოცულობა ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, განსაკუთრებით პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

როდესაც იაპონიაში მივფრინავდით, გზად შევჩერდით პეკინში, სადაც ყველაზე კარგ სასტუმროში ძალიან კარგი ხარისხის ღვინო იყიდებოდა. Aსევე კიოტოშიც კიოტოს გუბერნატორს შევთავაზეთ ჩვენი ღვინო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას დაგემოვნებული ჰქონდა ქართული ღვინო, რომელიც იაპონიაში გაყიდვაშიც კია.

თუმცა, გასული წლის რთველი უფრო მეტი იყო, ვიდრე ეკონომიკური გამოწვევა - შარშანდელი რთველი გადაიქცა ჩვენი ერის სიმტკიცის გამოცდად. გაჭირვების დროს მთელმა საქართველომ სოლიდარობისა და ერთსულოვნების, მობილიზაციისა და პრინციპულობის საოცარი მაგალითი აჩვენა მთელ მსოფლიოს. სწორედ ამ სოლიდარობის გამოხატულება იყო ის, რომ ქართულმა ბიზნესმა ფერმერების დახმარების მიზნით შეისყიდა 5757 ტონა ყურძენი.

გასული წლიდან სახელმწიფომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაიწყო მასშტაბური ინვესტიციების ჩადება სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა ირიგაცია და მექანიზაცია. დაიხარჯა 67 მილიონი და 2007 წლის დამლევისათვის გასარწყავიანდება 171 ათასი ჰექტარზე მეტი ფართობი.

შარშანდელი წელი იყო დიდი ინვესტიციების წელი. საქართველოს ეკონომიკა, თავისი ლიბერალიზმით, თავისუფალი და არაკორუფციული გარემოთი, მეწარმის წარმატებაზე ორიენტირებული საგადასახადო კოდექსითა და კარგი საინვესტიციო კლიმატით, უკვე იმდენად მიმზიდველია ინვესტორებისათვის, რომ გასულ წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. საქართველოში შარშანდელი წლის განმავლობაში ჩაიდო მილიარდ ასოცი მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ეს ნიშნავს ახალ საწარმოებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ყველაზე მყარი გარანტია სტაბილური და სწრაფი განვითარებისათვის. ეს არის ყველაზე ჭეშმარიტი დასტური იმისა, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორი გზით მიდის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ მთლიანად შეიცვალა ინვესტორთა შემადგენლობა და მთავარ ინვესტორ სახელმწიფოდ გადაიქცა ამერიკის შეერთებული შტატები, აგრეთვე ევროკავშირი. ესენი არიან ინსტიტუციური ინვესტორები, რომლებიც საკუთარ ფულს მყარი გარანტიის პირობებში დებენ.

შარშანდელი წელი იყო ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და დასაქმების წელი. 2006 წელს ქვეყანაში დაფუძნდა 40 ათასზე მეტი ახალი კომპანია და ქვეყანაში მოქმედი კომპანიების რიცხვი 272 ათასამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს 2005 წელთან შედარებით მეტი ახალი კომპანია შეიქმნა და ნაკლები კომპანია გავიდა ბიზნესიდან, ხოლო 2003 წელთან შედარებით, შეიქმნა თითქმის სამჯერ მეტი ახალი კომპანია.

შარშან, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, ავამუშავეთ დასაქმების უმნიშვნელოვანესი პროგრამა. შედეგად, -სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფესიული მომზადება გაიარა 42 000 ადამიანზე მეტმა, რაც 2006 წელს დასაქმებულთა 2,4 პროცენტია. პროგრამამ გამოიღო დადებითი შედეგები, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო 42 ათასზე მეტი ადამიანის კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ დროებით დასაქმებას. ხოლო მეორე მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პროგრამის შედეგად შეიქმნა ახალი გრძელვადიანი სამუშაო ადგილები. წინასწარი შეფასებით (ამის კვლევა კვლავ მიმდინარეობს) 10 ათასამდე პროგრამის მონაწილემ მიიღო გრძელვადიანი სამსახური (მაგალითად, სახალხო ბანკმა ქვეყნის მასშტაბით ათასამდე ადამიანი დაასაქმა პროგრამის დასრულების შემდეგ).

შარშანდელი წელი იყო წელი, როდესაც პირველი ქართული კომპანია - საქართველოს ბანკი გავიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. და თუ ცოტა ხნის წინათ, ქართული ეკონომიკა ვლადიკავკაზისა და ერგნეთის ბაზრობებზე -კეთდებოდა, ახლა მან ლონდონის საფონდო ბირჟაზე გადაინაცვლა. ესეც ჩვენი ქვეყნის ზრდის მაჩვენებელია.

შარშანდელი წელი იყო ასევე დიდი გეოპოლიტიკური რევოლუციის დაწყების წელი. ახალი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები - ნავთობსადენი, გაზსადენი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რომლებიც ხორციელდება და ზოგიერთს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს, სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რეალობას გვთავაზობს.

გავიხსენოთ როგორი იყო პოსტსაბჭოთა სივრცე 1991 წლის შემდეგ. საბჭოთა კავშირი მისმა შემქმნელებმა საკმაოდ ცბიერად -დააპროექტეს. მაგალითად, საქართველოს ჰქონდა ჰიდროენერგორესურსები, მაგარამ ჰიდროენერგოსურსები საქართველოს ენერგობალანსის მხოლოდ მეხუთედი იყო, დანარჩენი გაზის რესურსი იყო, რათა ქვეყანა გაზის იმპორტზე ყოფილიყო დამოკიდებული. შუააზიაში კი, ჰიდროელექტროსადგურები მრავლად იყო, თუმცა ჩამრთველები ერთ რესპუბლიკაში იყო, ტურბინები მეორეში, ხოლო კაშხალი - მესამეში. Aსე იყო რკინიგზასთან დაკავშირებითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო აგებული, რომ ქვეყანა არასოდეს არ დაშლილიყო.

შარშანდელი და წლევანდელი წელი გეოპოლიტიკის შემობრუნებისა და რევოლუციის წლები იყო.

ჩვენი ქვეყნის ენერგო და ინფრასტრუქტურული დამოუკიდებლობა განსაკუთრებულს ხდის საქართველოს როლს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. მთლიანად იცვლება რეგიონის ეკონომიკური გეოგრაფია.

ჩვენ ვხსნით ახალ ენერგოხაზებს, ორი ნავთობსადენი და გაზსადენი ამუშავდა, ვსაუბრობთ ტრანსკასპიურ გაზსადენზე. ამ პროექტს დიდი მომავალი აქვს. ახალი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც შუააზიის გავლით ჩინეთს შეაერთებს ევროპასთან ბოსფორის სრუტის გვირაბის მეშვეობით, წელს დაიწყება, რასაც ხელი უკვე მოვაწერეთ. საქართველოს გზებზე გაიზარდა ტვირთბრუნვა, ვაფართოებთ ჩვენი პორტების შესაძლებლობას, ვაშენებთ ახალ აეროპორტებს, მთლიანად იცვლება ახალი ოპტიკური კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, იცვლება ელექტროენერგიის ბალანსი.

ჩვენ ფული ჩავდეთ ქვეყნის ელექტროენერგეტიკაში. როდესაც ქარიშხალი იყო რუსეთის სამხრეთში და საქართველოს დასავლეთში, რის შედეგადაც რუსეთის ელექტროხაზები დაზიანდა, ჩვენმა ენერგოსისტემამ შეინარჩუნა მდგრადობა. რუსეთმა პირველად დაუშვა პრეცენდენტი და საქართველოს დაუკითხავად ენგურიდან გაიტანა ელექტროენერგია. ჩვენ რა თქმა უნდა მათ ანგარიშს წარუდგენთ, მაგრამ ჩვენი პირველი უარყოფითი რეაქცია იყო ის, რომ მან კომერციული ურთიერთობისა და ეთიკის ნორმები დაარღვია. თუმცა, როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ რუსეთის ჩვენგან აქამდე არაფერი არ სჭირდებოდა, ახლა კი ჩვენც გავხდით მათთვის საჭირო, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ახალ ფორმაციაში საქართველო აღარ არის მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა. გაცილებით დიდია მისი პერსპექტიული როლი - როგორც ეკონომიკური და საფინანსო ცენტრისა, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაკავშირებლისა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი - გახდეს რეგიონის ქვეყნების მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენ ვისწრაფვით ამისაკენ. საამისოდ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი და ეს არც ნავთობია და არც რაიმე სხვა წიაღისეული. ჩვენი უმთავრესი რესურსი არის არაკორუმპირებულობა, ეკონომიკის ლიბერალიზმი, თავისუფალი გარემო, კარგი ბიზნესგარემო, მოსახერხებელი ეკონომიკური ლოკაცია, მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული ჰაბის ფუნქცია.

საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. მთელი წარმოება დასავლეთ ევროპიდან მოდის ახლო აღმოსავლეთში და მათი მთავარი პარტნიორი ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნებია, ყველაზე მოკლე გზა კი შავ ზღვაზე, კერძოდ, საქართველოს პორტებზე გადის. საქართველოს აქვს არაკორუმპირებული მოქნილი გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს, როგორც მთავარი საოპერაციო პლაცდარმი. საქართველო შეასრულებს იგივე როლს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ასრულებს დუბაი, ხოლო აზიაში ასრულებდა სინგაპური.

ჩვენ უკვე გავამარტივეთ ბიზნესოპერაციები და ამოვქოლეთ კორუფციის ხვრელები. უნარი შევქმნათ ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო, ჩვენი მთავარი ეკონომიკური რესურსია. ეს არის პოტენციალი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ბევრ ქვეყანას არ გააჩნია.

ჩვენი ამოცანაა, რომ მოვახდინოთ ამ რესურსების მაქსიმალური კაპიტალიზაცია და ახალ გეოპოლიტიკაში დავიმკვიდროთ ჩვენი ცენტრალური ადგილი.

შარშანდელი წელი იყო კრიმინალთან და კორუფციასთან დიდი და, რაც მთავარია, წარმატებული ბრძოლის წელი. დიდი წარმატებები გვაქვს დამნაშავეობასთან ბრძოლაში ყველა მიმართულებით. საქართველოში რეალურად შემცირდა დანაშაული. ადამიანებს აღარ ეშინიათ ოჯახის წევრის გარეთ გაშვება, მანქანის ქუჩაში გაჩერება. ყოველივე ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვაცხადეთ ლოზუნგი -ნულოვანი მოთმენა ყველანაირი დანაშაულის მიმართ. ამ ლოზუნგმა ბევრი გააღიზიანა. ამის შემდეგ, ციხეებში რამდენიმე ათასით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, რაც ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. თუმცა ციხეებში უკეთესი პირობები უნდა შევქმნათ. მთავარი ცვლილება არის ის, რომ საქართველოს პირველად ჰყავს პოლიცია, რომელიც რეალურად დგას ხალხის სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ლანძღვა ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ უხარია ქვეყანაში წესრიგის დამყარება. საქართველოს შეუძლია დაიკვეხნოს როგორც დანაშაულის კლების, ისე მისი გახსნის ზრდის მკვეთრი დინამიკით. საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომელსაც ენდობიან და რომლის იმედიც აქვთ. საერთაშორისო არასამთავრობო ინსტიტუტების ბოლო კვლევების თანახმად საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა ეკლესიას, არმიას, მედიასა და პოლიციას. ამავე კვლევების მიხედვით, ჩვენი მოსახლეობა ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს წარმატებად მიიჩნევს კრიმინალის დამარცხებას, ხაზგასმით აღვნიშნავ, არა ბრძოლას დამნაშავეობის წინაააღმდეგ, არამედ მის დამარცხებას.

ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და ხალხის აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კრიმინალს ეხება, ნებისმიერ სტატისტიკაზე უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

ჩვენი ქვეყნის საამაყოდ უნდა ვთქვათ _ ამავე კვლევით ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის 97 პროცენტს გასული 12 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ გადაუხდია ქრთამი! დიახ, ეს ის საქართველოა, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინათ ყველაფერი ქრთამსა და კორუფციაზე იყო აგებული. ეს შედეგი არ დამდგარა თავისით, ეს შედეგი მიიღწევა კორუფციისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ მხოლოდ ნამდვილი ბრძოლით, მუდმივი თვითწმენდის პროცესით. ეს მთელი ჩვენი მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა, დამნაშავეების სისტემატური გამოვლენა-მხილებით და, რაც ყველაზე მთავარია, თავდადებული და პატიოსანი სამართალდამცველების თავდაუზოგავი მუშაობით.

სწორედ ასეთი სამართალდამცველი მინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი დროის გმირი ლევან მელქაძე. მან დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინა დამნაშავის მიერ დამალული ნახევარმილიონ დოლარზე მეტი, ამოიღო და ჩააბარა სახელმწიფოს როგორც ნივთმტკიცება. არ არსებობს დანაშაული, რომელსაც ვერ მოერევა ასეთი პოლიციელი. წარმოიდგენდა ვინმე ამას სამი წლის წინათ?

შარშანდელი წელი იყო შენების წელი. ჩვენ რადიკალურად გავამარტივეთ მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები. გაუქმდა მშენებლობის ლიცენზია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამშენებლო რეგულირება საქართველოში ისეთივე მარტივია, როგორც ჰონ-კონგში, ჰონ-კონგი კი, ამავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური ქვეყნების ხუთეულში შედის. სამშენებლო კოდექსი, რომელზეც ახლა სამშენებლო კომპანიების მონაწილეობით ვმუშაობთ, კიდევ უფრო ლიბერალურს და თანამედროვეს გახდის მშენებლობის პროცედურას.

2006 წელი საქართველოში მასშტაბური საგზაო მშენებლობის დაწყების წელი იყო. ხაზგასმით აღვნიშნავ, მანამდე არასდროს, საბჭოთა იმპერიის პერიოდშიც კი, ერთი წლის განმავლობაში ამდენი გზა არ აშენებულა; თითქმის ყველა რაიონულ ცენტრამდე მივედით ახალდაგებული გზით; დავიწყეთ ახალი ავტობანის მშენებლობა და უკვე გავხსენით თბილისი-კასპის მონაკვეთი. წლევანდელთან შედარებით მომავალ წელს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტს კიდევ 25-30 პროცენტით გავზრდით.

გასულ წელს ჯანდაცვის, განათლების, საგზაო და რეგიონალურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფომ 633 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 51 პროცენტით მეტია. წელს, თქვენ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და შარშანდელთან შედარებით 36 პროცენტით, ხოლო 2005 წელთან შედარებით 105 პროცენტით მეტი იქნება.

შარშანდელი წელი იყო განათლების წელი _ გარემონტდა და აშენდა იმაზე მეტი სკოლა, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთად. აშენდა 35 სკოლა, სრულიად განახლდა ყველა რაიონული ცენტრის 100-ზე მეტი სკოლა, ეტაპობრივი რეაბილიტაცია დაიწყო კიდევ 200-ზე მეტ სკოლაში. 180 ათასი მოსწავლე ახალ სასკოლო მერხს მიუჯდა. გათბობის თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა 180 სკოლაში. პროგრამის დასრულებისათვის (2010-11 წ.წ.) საქართველოს ყველა სკოლა იქნება განახლებული, ახალი ინვენტარითა და ლაბორატორია-კაბინეტებით აღჭურვილი.

შარშან ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, თბილისელებმა ერთდროულად აირჩიეს საკრებულო და მერი; საქართველოს სხვა ქალაქებმა და რაიონებმა _ საკრებულოები, რომლებიც, თავისთავად, თბილისიდან ჩარევის გარეშე, ირჩევენ მერებსა და გამგებლებს. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა _ ხალხმა პირველად სრულფასოვნად აირჩია თავისი ადგილობრივი ხელისუფლება.

ამ არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ჩემი აზრით, სასკოლო საბჭოების არჩევნები. ამ არჩევნებში თითქმის 700 ათასმა მშობელმა და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ასეთ აქტიურობას არავინ არ ელოდა. ეს არის ჩვენი ხალხის სიჯანსაღისა და მაღალი სამოქალაქო შეგნების საუკეთესო მაგალითი. ნაცვლად საბჭოთა ზეცენტრალიზებული სისტემისა, სადაც ყველა დეტალი თბილისის კაბინეტებში წყდებოდა, ყველა დახარჯული თეთრი თბილისიდან კონტროლდებოდა (უფრო სწორედ იფლანგებოდა და სკოლები თითქმის არ ფინანსდებოდა), ეს დემოკრატიულად არჩეული სასკოლო საბჭო რეალურად ხდება საკუთარი შვილების სწავლა-განათლების ბატონ-პატრონი, ამტკიცებს და თუ საჭიროა ხსნის დირექტორს, იღებს და აკონტროლებს სკოლის ბიუჯეტსა და ხარჯს; თავად იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტია.

რა თქმა უნდა, სკოლების თვითმმართველ სისტემაზე გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება იხსნის პასუხისმგებლობას განათლების სისტემაზე, პირიქით, სკოლებში უკვე შეტანილია 7 ათასი უახლესი პერსონალური კომპიუტერი, ორ წელიწადში ვგეგმავთ მივუახლოვდეთ აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებელს _ 1 კომპიუტერი 20 მოსწავლეზე, მაშინ, როდესაც ორი წლის წინათ ეს მაჩვნებელი იყო 1/200-სთან. ამჟამად ინტერნეტში ჩართულია 270 სკოლა, მათ შორის, და ეს დაუჯერებელი იყო თუნდაც 2 წლის წინათ, ევროპის ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის, სოფელ უშგულის საჯარო სკოლა. პრაქტიკულად, მიმდინარე წლის დამლევამდე საქართველოს ყველა სკოლაში იქნება ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი.

ტყვიავის საჯარო სკოლის (დირექტორი ჯანო ოდიაშვილი) 18 კურსდამთავრებულიდან შარშან სტუდენტი გახდა 14, ხოლო სახელმწიფო გრანტი მიიღო 10-მა, ხაშმის (დირექტორი მზია ქარუმიძე) საჯარო სკოლის 13 კურსდამთავრებულიდან სტუდენტი გახდა 13-ვე, ხოლო სახელმწიფო გრანტი მიიღო 9-მ.

შარშანდელი წელი იყო ჯანდაცვის წელი.

გასული წლის ივლისიდან ამოქმედდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომელმაც მოიცვა 600 ათასზე მეტი ადამიანი. მათ უფასოდ გაუწიეს მომსახურება როგორც პირველადი ჯანდაცვის, ისე საავადმყოფოს დონეზე.

გასულ წელს შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის დინამიკა და წლის განმავლობაში ორჯერ გავზარდეთ მინიმალური პენსია _ 28-დან 38 ლარამდე.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის მიზნობრივი დახმარება თითქმის 6,5-ჯერ გაიზარდა და 130 მილიონი ლარი შეადგინა.

შარშანდელი წლის განმავლობაში აშენდა და გარემონტდა იმაზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, ვიდრე ბოლო 25-30 წლის განმავლობაში. ჩვენ შევქმენით საავადმყოფოების ახალი ქართული სტანდარტი, უმაღლესი დონის ტექნოლოგიებითა და მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდებით.

ამ სტანდარტის თვალსაჩინო მაგალითად მინდა მოგიყვანოთ ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამკურნალო დაწესებულებაა ევროპის მასშტაბით და უდავო ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს საავადმყოფო ემსახურება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. დღეს ჩვენთან არიან ამ საავადმყოფოს მოწინავე ექიმები - სოფიო ჭედია, მაია გაგუა (ექიმი-რადიოლოგები), მაკა ქუთათელაძე (კარდიოლოგი).

მათი და მთელი სამედიცინო კოლექტივის ძალისხმევით, ქუთაისში ჩატარდა: გულის გამოკვლევები მაგნიტურ-რეზონანსული და 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფის გამოყენებით (ეს კარდიოლოგიაში ახალი ეპოქის დასაწყისია), სანაღვლე გზების, ნაწლავებისა და ფილტვების ვირტუალური კვლევები.

ქუთაისში პირველად კავკასიის რეგიონში ჩატარდა: თავის ტვინის დიფუზიური და პერფუზიული კვლევები, კომპიუტერული ნავიგაციით მუხლის სახსრის გამოცვლა, ოპერაციები ტვინზე თავის ქალის ტრეპანაციის გარეშე, ღვიძლშიდა შუნტირება ციროზების დროს გაკვეთის გარეშე, საყლაპავისა და ყველა სისხლძარღვის სტენტირება, თირკმლის სიმსივნეების ამოკვეთა მუცლის ღრუს გაკვეთის გარეშე.

შარშანდელი წელი იყო საქართველოს დიდი საერთაშორისო წარმატებებისა და აღიარების წელი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არასოდეს საქართველო არ ყოფილა ასეთი ინტეგრირებული საერთაშორისო სისტემაში როგორც დღეს; არასოდეს საქართველო არ ყოფილა ასეთი დაფასებული და პატივცემული როგორც დღეს; არასოდეს საქართველო არ ყოფილა ასეთი ძლიერი და მდიდარი თავისი მეგობრებითა და სტრტეგიული პარტნიორებით როგორც დღეს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროგნოზირებადი, მდგრადი და თანამიმდევრული საგარეო პოლიტიკა და მოვახერხეთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სტაბილური და სანდო პარტნიორის იმიჯის დამკვიდრება.

გუშინ წავიკითხე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაპონიის პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერის ტარო ასოს გამონათქვამი შეიქმნა თავისუფლების, დემოკრატიის ახალი თაღი; შემდეგ ჩამოთვლილია სკანდინავიიდან აზიის გავლით ქვეყნები და, მისი თქმით, ამ დიდი ერთობის სანიმუშო მოდელი არის საქართველო. ყველამ უნდა გაიცნობიეროს ეს ფაქტი, ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ეს არის ის, რასაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა ჩვენ ვჭირდებით როგორც საკუთარ ხალხს, ისე დანარჩენ მსოფლიოსაც.

საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ - ევროპულ ოჯახს. ევროპელებმა პირველად საქართველო გაიცნეს როგორც ოქროს საწმისის სამშობლო. ახლა ევროპელებმა უნდა გაიცნონ როგორც უძველესი ევროპელების სამშობლო, რომელიც მიისწრაფვის მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი გადის ევროპაზე და სწორედ ევროპასთან ინტეგრაცია არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე.

ევროპა ხელახლა მოდის საქართველში, ისევე როგორც საქართველო ხელახლა უშინაურდება მას. ევროპა საქართველოში პირველად მოვიდა თავისი მითებით პრომეთეს დასახნელად. მოვიდა მაშინაც, როდესაც საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო გახდა. ეს მნიშვნელოვანია. ევროპა _ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პირველი ლოზუნგია.

ბუნებრივია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია. საქართველოს მთავრობის მიზანია მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მიზნის განსახორციელებლად 2006 წლის განმავლობაში საქართველო ატარებდა უაღრესად პროაქტიურ, შემტევ საგარეო პოლიტიკას. შემუშავდა კონფლიქტების მოგვარების ძირითადი პრინციპები, რომლებიც გულისხმობს პირდაპირ დიალოგს ეთნიკურ აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან, გაეროსა და ეუთოს პატრონაჟით და დაბალანსებული საერთაშორისო მონაწილეობით.

ჩვენ ხელს ვუწვდით ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მზად ვართ შევთავაზოთ მათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი ავტონომიის მოდელი. მოვუწოდებთ ერთად ვიმუშავოთ კონფლიქტის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობითა და დახმარებით. ტერმინი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მოგონიალია ბრიყვების მიერ. ვინ არის აფხაზი კახა აქიშბაია? რა თქმა უნდა, აფხაზია. არის თუ არა ის ხალხი აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობა, ვინც საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს? რას ნიშნავს ქართულ-ოსური კონფლიქტი, ვინ არის ოსური მხარე? მოროზოვი, ბარანკევიჩი, თუ სანაკოევი? არ არსებობს ქართული და ოსური მხარე. საქართველოს ყველაზე ცნობილი მეფე იყო ოსი. ქართულ-ოსური კონფლიქტი არ არსებობს. ეს არის იმპერიული ტექნოლოგიების მონაგონი. ჩვენ გვჭირდება დიდი მოთმინება, რათა ძალადობისა და კონფლიქტის ეს სცენარი არ განხორციელდეს. უმთავრესი მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო პროცესის მტკიცე საერთაშორისო გარანტიების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს საერთაშორისო მოთამაშეების, კერძოდ, ევროკავშირის და აშშ-ის აქტიურ მონაწილეობას.

შარშანდელი წელი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის წელი. ჩვენ დღეს უკვე გვყავს მაღალი დონის არმია, კარგი აღჭურვილობით, მომზადებით, შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით.

გასული წლის განმავლობაში გადაიდგა მკვეთრი ნაბიჯები ქართული არმიის ნატოს სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და ნატოსთან ინტერგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა და გადავედით ინტენსიური დიალოგის რეჟიმზე. ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ დროის საკითხია როდის გახდება საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სრულფასოვანი წევრი.

ალიანსში გაწევრიანების გზაზე პროგრესის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური პარტიების მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთელი ქართველი ხალხის ნება, და რომ საქართველო მზად არის გაიზიაროს ალიანსის წევრობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.

დღეს ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მხარდამხარ დგანან მსოფლიოს უძლიერესი არმიის მებრძოლებთან და იქაც გამოირჩევიან სამაგალითო დისციპლინით, ბრძოლისუნარიანობით, შემართებით, ვაჟკაცობითა და ადამიანურობით. ყველა ამ კონფლიქტში წყდება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის საკითხი, რამდენადაც სიკეთის მხარე უკან იწევს ბოროტი ძალები აქტიურდებიან. ჩვენს იქ ყოფნას დიდი აზრი აქვს. დგანან ამაყად, მუხლმოუხრელად თავისუფლების დასაცავად და ტერორის დასამარცხებლად თავიანთი ბრძოლით, ისინი საქართველოსთვის იბრძვიან. ყველა იქ მყოფი ქართველი ვაჟკაცი იცავს და აძლიერებს საქართველოს. ისინი შეიძლება იდგნენ ბაღდადში ან ბაკუბაში, ტიკრიტში ან კარბალაში, მაგრამ თითოეულმა მათგანმა იცის თუ რა საქმეს ემსახურება, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მათ უკან საქართველოა.

დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფება ჩვენი დროის ნამდვილი გმირი, 26 წლის უფროსი ლეიტენანტი მიხეილ (მიშა) ქუთათელაძე მეუღლესთან თეა ხუციშვილთან ერთად. მიშა პირველი ბრიგადის კომანდოს ბატალიონიდან წავიდა ერაყში და სამსახურის პირნათლად მოხდის დროს, 2005 წლის 24 მაისს ბაღდადში, ტერორისტული თვდასხმისას მძიმედ დაიჭრა. რეაბილიტაცია ამერიკაში გაიარა, სამხედრო ჰოსპიტალში ის პირადად მოინახულა პრეზიდენტმა ბუშმა და ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. მიხეილი არის ამერიკის სამხედრო ქების მედლის კავალერი და თავისუფლების დარაჯის სერტიფიკატის მფლობელი. საქართველოში დაბრუნებული, ის მაინც დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს, დაუბრუნდა მშობლიურ კომანდოს ბატალიონს და ოცმეთაურად აგრძელებს სამსახურს. მსურს, რომ დღეს მას ვახტან გორგასლის ორდენი გადავცე.

  • შარშანდელი წელი იყო საქართველოს გაერთიანების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის, ზემო აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფო კონტროლის აღდგენის წელი. ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეებს ჰქონდათ მიზანი, რომ კოდორის ხეობის სახით საქართველოში გაეჩინათ დესტაბილიზაციის ახალი კერა, გაეხსნათ ახალი ჭრილობა, შეექმნათ ახალი უკონტროლო ზონა, რაც გადაიქცეოდა კრიმინალისა და ყველანაირი უკანონობის მთავარ ასპარეზად, შემდეგ კი ცალკეული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკურ პლაცდარმადაც. მაგრამ მათ საქართველოს სახელმწიფოსგან დაუყოვნებელი და ძალზე მკვახე პასუხი მიიღეს, მათ საკუთარ თავზე იწვნიეს ახალი საქართველოს ძალა და სამშობლოს ღალატისათვის უცილობელი სასჯელი.
  • მათ უნდოდათ საქართველოს კონტროლიდან გამოსული კოდორის ხეობა და მიიღეს საქართველოს იურისდიქციაში მყოფი მთელი ზემო აფხაზეთი;
  • მათ უნდოდათ კიდევ უფრო დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველო და მიიღეს უფრო ერთიანი და განმტკიცებული საქართველო;
  • მათ უნდოდათ კონფლიქტისა და ნგრევის კერა და მიიღეს აღმშენებლობისა და განვითარების რეგიონი;
  • მათ უნდოდათ ბანდიტების საბოგინო კოდორის ხეობა და მიიღეს ზემო აფხაზეთში გადასული აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა.

ჩვენმა შინაგანმა ჯარმა ძალიან მკვეთრი და გამბედავი მოქმედების შედეგად დღენახევარში ჩაფუშა კოდორის -აუღებელ ხეობაში გამაგრებული ბანდიტური ფორმირებების მთელი გეგმები. დღეს ჩვენთან იმყოფებიან ამ ოპერაციის დროს დაჭრილი თანამებრძოლები მიხეილ ქოქიაშვილი და ვალერი მუჯირიშვილი. მსურს მივესალმო წალენჯიხელ ექიმებს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს და ეს ადამიანები გადაარჩინეს.

ვინც ზემო აფხაზეთში ავიდა და თავისი თვალით ნახა აღმშენებლობისა და ხალხის ყოფის გაუმჯობესების ტემპი, დამეთანხმება - ზემო აფხაზეთი ნამდვილი სიმბოლოა იმისა, რომ მშვიდობა არის ჩვენი უზენაესი ფასეულობა, რომ მშვიდობა არის ტოლფასი შენებისა და განვითარებისა, რომ მშვიდობას არ გააჩნია ალტერნატივა. იქ მცხოვრებმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის რა მოაქვს კონფლიქტს და იცის მშვიდობის ფასიც. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენ მივესალმებით გაეროს მონიტორინგის კომისიას, რომელიც ძალზე აქტიურად მუშაობს ზემო აფხაზეთში და იქ არსებული ვითარების შესახებ ფლობს სრულიად ობიექტურ სურათს. ჩვენ გვაქვს იმის რწმენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რამდენიმე დღის წინათ მომხდარი სამარცხვინო პროვოკაციის შეფასებისას იქნება ადეკვატური. ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ ამ მოვლენას მოჰყვება მკვეთრი დიპლომატიური რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ასეთი ტიპის პროვოკაციებისაგან სათანადოდ იქნეს დაცული მშვიდობა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება.

  • სწორედ ამ რწმენის გამო არ ჩავთვალეთ ამ ეტაპზე საჭიროდ, რომ თავად მოგვეხდინა დაუყოვნებელი და ადეკვეტური რეაგირება ჩვენს მოსახლეობაზე განხორციელებულ თავდასხმაზე. მინდა, რომ არავის არ შეეპაროს ეჭვი ჩვენს შესაძლებლობებში. ეტყობა ვინც ეს სამარცხვინო ოპერაცია დაგეგმა, ვერ გააცნობიერა რა შეიცვალა საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში ბოლო წლების განმავლობაში.
  • მაშინ ჰქონდათ რაგატკები - ახლა გვაქვს საჰაერო დაცვის თანამედროვე სისტემები;
  • მაშინ იყო უიარაღო, ჩაუცმელი და უჭმელი მცირერიცხოვანი ჯარი - ახლა არის უმაღლესი სტანდარტებით გაწვრთნილი, აღჭურვილი და მომზადებული მრავალრიცხოვანი არმია;
  • მაშინ იყო უსუსურობა და შიში - ახლა არის ძალა და გამბედაობა;
  • მაშინ სათანადო პასუხის გაცემა ასეთ დროს ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ახლა ეს არის არა ტექნიკური შესაძლებლობის, არამედ მთელი ხალხის მიერ გაზიარებული გადაწყვეტილების საკითხი.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასაცავად. ქართველი ერი მზადაა მიიღოს ყველანაირი გამოწვევა. მშვიდობისა და საქართველოს მთლიანობის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ ის, რაც ყველა კონფლიქტურ რეგიონში გვიკეთებია - აღმშენებლობა და განვითარება. ასეთ პროვოკაციაზე ჩვენი პასუხი იქნება უფრო მეტი შენება და უფრო მეტი სიმშვიდე. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ჩვენ დავიცავთ მშვიდობას არა სუსტისა და უმწეოს, არამედ მოტივირებული, ერთ მუშტად შეკრული, ძლიერი ერის პოზიციიდან.

შარშანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ოსი ხალხისათვის, მათი მოსახლეობის თავისუფალმა ნაწილმა მოახერხა იმის დემონსტრირება, რომ ენდობა იმ ადგილობრივ ოს ლიდერებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, კარგად ესმით და ცდილობენ დაიცვან ოსი ერის, და არა სხვა ქვეყნის ინტერესები. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სანაკოევი და მისი მოძრაობის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე, ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ოსური სეპარატიზმის მოწინავე ხაზს წარმოადგენდნენ. თუმცა დღეს, როდესაც მათი პროგრამა გულისხმობს მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ბუნებრივია, საქართველოს ოსი მოქალაქეების ინტერესთა დაცვის სრული გარანტიით, მათ რეგიონში მცხოვრებ ქართველებთანაც მიაღწიეს ურთიერთგაგებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ დიდია ხალხის სწრაფვა მშვიდობისაკენ. მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად უნიკალური შანსი მშვიდობისათვის და ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან. მე მზად ვარ დავიწყოთ ოფიციალური ურთიერთობა და საუბარი სანაკოევის მოძრაობასთან. მზად ვარ ყველას ვაჩვენოთ როგორი მტკიცეა ქართველი და ოსი ხალხის ნამდვილი ძმობა, ნამდვილი სწრაფვა მშვიდობიანი და წარმატებული ერთიანობისაკენ.

შარშანდელი წელი იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარების წელი. მიუხედავად ყველანაირი საბოტაჟისა და დაბრკოლებისა, მიუხედავად მავანთა მცდელობისა, რომ საქართველო ჩაბნელებული და გაყინული ყოფილიყო, ჩვენ დენიც გვქონდა, გაზიც და კიდევ უფრო საიმედო გავხადეთ ჩვენი ენერგეტიკის სისტემა. ჩვენ მთლიანად დავძლიეთ ენერგოკრიზისი და შევძელით საქართველოს მომარაგება ენერგიის ალტერნატიული წყაროებით ისე, რომ იგი აღარ დაექვემდებაროს არც ენერგეტიკულ შანტაჟს და არც ბლოკადას. მსურს მივესალმოთ ენგურის თანამშრომლებს - სოსო და ლევან ჭანტურიებს, რევაზ გვაბალიას.

შარშანდელი წელი იყო ქართველების დიდი გამარჯვებების წელი. საქართველოს ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ისინი დღეს ჩვენთან არიან. მივესალმოთ მსოფლიო ჩემპიონებს!

ჩვენთან არიან ჩვენი რაგბისტებიც, რომლებმაც შარშან ბევრჯერ გაგვახარეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა სახელმწიფოს მიერ მიღწეული ეკონომიკური წარმატებები აისახოს საქართველოს ოჯახებზე. მიუხედავად იმისა, რომ დღითიდღე იზრდება კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ძალიან ბევრი ქართველი ჯერ კიდევ სიღარიბეში ცხოვრობს, ძალიან ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არა აქვს სამუშაო. განსაკუთრებით მტკივნეული მდგომარეობაა ზოგიერთ რეგიონში, სადაც დაინგრა საბჭოური მრეწველობა და ათასობით ადამიანი დაუსაქმებელი დარჩა. მიხარია, რომ ამ მხრივ ტყიბულში, ჭიათურაში გაჩნდა იმედის ნაპერწკალი.

სიღარიბე და უმუშევრობა რჩება ჩვენს უმთავრეს გამოწვევად. წელს, ისევე როგორც მომავალი წლების განმავლობაში მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრუნვის საგანი სწორედ ეს იქნება.

საქართველოში განვითარების უახლოეს ეტაპზე უმუშევრობა ორჯერ უნდა შემცირდეს და მკვეთრად შემცირდეს სიღარიბე. კორუფცია პრობლემა აღარ არის. გუშინწინ დაიჭირეს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები. ამ ოპერაციას პროკურატურამ მარცხენა ჯიბე დაარქვა. მათ აღმოაჩინეს კორუფციის მთელი სქემა. კორუფცია მთლიანად დაძლეულია.

ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, პრეზიდენტმა აღარ მოგვასმენინოს კაკალაშვილის ლექსებიო. შესაძლოა კაკალაშვილის ლექსებზე ვიკამათოთ, მაგრამ იმის გამო, რომ კაკალაშვილისნაირები გვარჩენენ და დეპუტატებს ხელფასებს უხდიან, წელიწადში ერთხელ ასეთი ადამიანების ლექსების მოსმენაც უნდა შეგვეძლოს. ბუნებაში არის ასეთი ბალანსი არსებობენ კაკალაშვილისნაირებიც, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ და ნაცარქექიებიც, რომლებიც მათ სადგისით ჩხვლეტენ და დასცინიან კიდეც. ასე, რომ იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვარჩენს პროცედურები უნდა დაიხვეწოს, გამარტივდეს და დაჩქარდეს, რათა მეწარმისათვის პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩეს. ბიუროკრატიას სიმკაცრის შეეშინდა, სახელმწიფო მოხელემ მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს. ამ ადამიანებს პასუხი არა მარტო იმაზე უნდა ვაგებინოთ, რომ კანონს არღვევენ, არამედ იმაზეც, რომ კანონის დასაცავად ინიციატივას არ იჩენენ.

ბიზნესებმა უკვე დაინახეს, რომ საქართველოში წარმატებისთვის ხელსაყრელი პირობებია. ახლა მათ უნდა დავანახოთ, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა მთლიანად მათ წარმატებას ემსახურება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი რეფორმა და შევქმენით შემოსავლების ერთიანი სამსახური, რომელშიც გაერთიანდა საბაჟო, საგადასახადო და ფინანსური პოლიცია. ეს არის ძალზე შრომატევადი რეფორმა და 2007 წლის განმავლობაში იქნება მთელი მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი.

ამ სამსახურთან არსებული საგადასახადო დავების შემსწავლელი კომისიის ნახევარი დაკომპლექტდება ევროპელი, გამოცდილი, ეკონომიკური პროფილის მქონე ექსპერტებით, ყოფილი მოსამართლეებით და ამ კომისიის გადაწყვეტილება აღარ იქნება გასაჩივრებული ადმინისტრაციის მიერ.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. ჩვენი ეკონომიკური კურსი ეფუძნება ლიბერალიზაციასა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, დაბალი გადასახადების ხარჯზე ხალხისა და ბიზნესისათვის მაქსიმალურად ბევრი ფულის დატოვებას. პირველი მნიშვნელოვანი სტიმული ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შევქმენით ახალი საგადასახადო კოდექსით, რომელიც გავხადეთ უფრო გასაგები და ბიზნესისათვის მომგებიანი. მნიშვნელოვნად შევამცირეთ როგორც თავად გადასახადები, ისე გადასახადების რაოდენობა. გადასახადების შემცირების მეორე მნიშვნელოვნი ეტაპი იყო, როდესაც შარშან ჩვენ ყველაფერზე თითქმის მთლიანად გავაუქმეთ საბაჟო გადასახადი, გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა.

ახლა დადგა დრო კიდევ უფრო თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ და კიდევ უფრო დავწიოთ გადასახადები:

1.ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შემოგთავაზოთ, რომ 2008 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი რომელიც დღეს 20 პროცენტია, შემცირდეს 15 პროცენტამდე.

2.დავავალე მთავრობას, დაიწყოს მუშაობა, რათა 12-პროცენტიანი საშემოსავლო და 20-პროცენტიანი სოციალური გადასახადის ნაცვლად, რომელთა ჯამი 32 პროცენტია, დარჩეს მხოლოდ ერთი - საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ჯამური 32-ის ნაცვლად 25 პროცენტი იქნება.

  • ამასთან ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია შემოსავლი სამართლიანად გადანაწილდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ისე, რომ ადგილზე საკმარისი ფული დარჩეს რეგიონებისა და თვითმმართველობების გასაძლიერებლად. ბიუჯეტის სამართლიანი გადანაწილება არის ქვეყნის თანაბარი და დინამიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი.

გარდა ამისა,

1.დღეს სოფლის მოსახლეობის უმეტესობას, ვისაც საკუთარი მიწა აქვს და ფერმერულ საქმიანობას ახორციელებს და თავს ირჩენს ამ მიწით, დარიცხული აქვს საურავები ფიზიკურ პირზე მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო. დღეის მონაცემებით, ეს საურავები ჯამში 85 მილიონი ლარია.

  • ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მთლიანად გავათავისუფლოთ ჩვენი მოსახლეობა ამ 85-მილიონიანი ტვირთისაგან. ანუ ყველა გავათავისუფლოთ ფიზიკურ პირზე მიწის გადასახადზე დარიცხული საურავებისაგან. პრაქტიკულად, ეს არის მათ ოჯახებში დამატებით ინვესტირებული 85 მილიონი.

ამ ინიციატივების შედეგად ჩვენ მივიღებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ საგადასახადო კოდექსს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და ჩვენს მეწარმეებსა და ხალხს დარჩებათ უფრო მეტი ფული საკუთარ ანგარიშებზე.

ამასთან, მეწარმისა და ინვესტორისათვის უმთავრესია კანონის უზენაესობა _ ჩვენ ვაძლიერებთ სამართლის სისტემას, რათა შეუვალი იყოს კერძო საკუთრების უფლება. კერძო საკუთრება არის ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტური საფუძველი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველომ ინვესტორების ასეთი მაღალი ნდობა მოიპოვა, არის სწორედ ის, რომ საქართველოში კერძო საკუთრების უფლება არის და იქნება ხელშეუვალი.

სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რათა ინვესტორმა მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს თავი.

ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ კორუფცია _ აღებ-მიცემობა სასამართლოში; ამავე დროს, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო სისტემის ავტონომიურობისაკენ - პრეზიდენტი აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ ორგანოში დღეს უმრავლესობას მოსამართლეები წარმოადგენენ. მოსამართლეების დევნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაეს სასამართლოში. იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოდ იქცა. ყველა ეს ცვლილება ჩვენ განვახორციელეთ. სამწუხაროდ, კორუმპირებული და უღირსი მოსამართლეების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის ნაცვლად, ზოგიერთებმა პოლიტიკური ომი გამოუცხადეს რეფორმას და აქტიურ კამპანიას აგრძელებენ სასამართლოს როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. ეს დიდი შეცდომაა, დიდი უპასუხისმგებლობაა და ნამდვილად არ უწყობს ხელს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის განმტკიცებას. ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო - მემკვიდრეობა საზოგადოების მართლმსაჯულებისგან სრული გაუცხოებისა; მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამოვავსებთ ამ ბზარს. თითქმის ასწლოვანი პაუზის შემდეგ, სულ მალე საქართველოში პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება შანსი გახდეს მართლმსაჯულების თანამონაწილე. ეს დიდი პასუხიმგებლობაა და მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად იკისრებენ.

14 სასამართლოს შენობა, განახლების შედეგად შეესაბამება უმაღლეს მსოფლიო სტანდარტს. წელს ჩვენ განვაახლებთ 26 სასამართლოს შენობას და 2008 წლის ბოლოსათვის მთელი სასამართლო სისტემა განთავსებული იქნება უმაღლესი ხარისხის შენობებში და უზრუნველყოფილი იქნება სრული ტექნიკური აღჭურვილობით. წელს ასევე ვგეგმავთ მოსამართლეთა ხელფასების გაზრდას და ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოესი წლების განმავლობაში.

ყველაფერი ეს ერთად აუცილებლად მოგვცემს შედეგს და სასამართლო განიმტკიცებს იმ რეპუტაციას, რომელიც უნდა ჰქონდეს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორც ეს მოახერხა საპატრულო პოლიციამ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგჯერ ძალიან არაკორექტული და აკრძალული ხერხებით წარმოებული პოლიტიკური კამპანიის მიუხედავად, დღეს ჩვენ პოლიციას ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, რადგან ყველა ხედავს, რომ ისინი ხალხის სამსახურში არიან და სიცოცხლეს რისკავენ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისათვის. მე უკვე ვისაუბრე იმ წარმატებებზე, რომლებსაც მივაღწიეთ დანაშაულთან ბრძოლაში. ეს საქმე კვლავაც გაგრძელდება. ამავე დროს, ამოიძირკვა ის მრავალი საზარელი საბჭოთა ტრადიცია მაგალითად, ჩვენების გამოძალვა წამებისა და ცემის გზით, იარაღის ან ნარკოტიკის ჩაგდება და ამის საფუძველზე ადამიანის გასამართლება. ამ ტრადიციის ამოსაძირკვად არაერთი თანამშრომელი იქნა გასამართლებული და ყველა ვინც შეეცდება ძველი, ბარბაროსული მეთოდებით მუშაობას, მკაცრად დაისჯება.

თუმცა კარგად ვიცი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კიდევ მრავალი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ ვაშენებთ ახალ თანამედროვე პენიტენციალურ სისტემას, სადაც ყველა დამნაშავე საიმედოდ იქნება გარე სამყაროსაგან იზოლირებული, ხოლო მათი კუთვნილი უფლებები - დაცული.

ჩვენი დროის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოში მოვამზადოთ და შევქმნათ კვალიფიციური და განათლებული სამუშაო ძალა!

ჩვენ ყველა სფეროში გვჭირდება კადრები. საქართველოში შენდება ბევრი ობიექტი. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაფერი აგვიშენებია, ამიტომაც ვისმენთ საყვედურებს ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით, მაგრამ ვინც არ მუშაობს ის შეცდომებსაც არ უშვებს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი შემდუღებლები, პრარაბები და ყველა სფეროს სპეციალისტი.

  • ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება და ხალხს დაეხმაროს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი, რათა ჩვენი შიდა რესურსებით სრულად დააკმაყოფილონ მოთხოვნა ახალ მუშახელზე;
  • ჩვენ არა გვაქვს უფლება დავუშვათ, საქართველოს მოქალაქე უმუშევარი შეჰყურებდეს როგორ იკავებს მის სამუშაო ადგილს უცხოელი მხოლოდ იმიტომ, რომ მას უფრო მაღალი კვალიფიკაცია აქვს და უფრო უკეთესად არის მომზადებული ვაკანსიის შესავსებად;
  • ამ წლის ერთ-ერთი სიახლე უნდა იყოს პროფესიული გადამზადების სკოლები და ადგილობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები.

მთავარი პრობლემა, რამაც შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, არის კვალიფიციური მუშახელის სიმცირე. ეს მალე საგრძნობი გახდება სწრაფად განვითარებად რეგიონებში, კერძოდ, ბათუმში (სადაც უცხოელი მშენებლები მუშაობენ). უმუშევარი მოსახლეობის გადამზადებას უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და ამასთან, სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ზომები.

ვინაიდან ჩვეულებრივი განათლების სისტემით მომზადება და გადამზადება დიდ დროს მოითხოვს, ჩვენ გვჭირდება არაორდინალური ზომების მიღება, რათა საქართველოში გაჩნდეს ბევრი ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმებული ადამიანი.

ჩვენი ეროვნული პასუხი გლობალიზაციის გამოწვევებზე უნდა გახდეს ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება; საზოგადოება, რომელიც მიისწრაფვის ფიზიკური შრომის გონებრივი შრომით ჩანაცვლებისკენ. ინვესტიციებისათვის სულ უფრო მზარდ კონკურენტულ ბრძოლაში, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, ჩვენი უნიკალური ნიშა, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა გახდეს მაღალ ტექნოლოგიებზე, ახალ იდეებსა და ნოუ-ჰაუზე, და არა ნედლეულის მოპოვებაზე ან იაფი მუშა ხელის ექსპლუატაციაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა.

წარმატებული მაგალითები იმისა, თუ რა სერიოზული განვითარების შედეგების მოტანა შეუძლია სწორედ ასეთ სტრატეგიებს, მრავალია. ირლანდია 30 წლის წინათ ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო იყო, დღეს მის მაგალითს სწავლობენ მრავალ ქვეყანაში. მისი წარმატების ერთ-ერთ გასაღებად კი ტექნოლოგიური პარკებისAA განვითარებას მიიჩნევენ. ჩილემ სულ რაღაც 25 წლის წინათ მიჰყო ხელი მაღალმეცნიერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ორაგულის წარმოებას. დღეს ამ სექტორის წლიური შემოსავალი 2 მილიარდ დოლარს აღემატება. შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, რომ სატელეფონო აბონენტთან ინტერნეტით უფასო დაკავშირების ტექნოლოგია -სკაიპი_ესტონეთში შეიქმნა. წელიწადნახევრის წინათ ეს ტექნოლოგია 2,6 მილიარდ დოლარად გაიყიდა.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ სახელმწიფო კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით ჯეროვნად შეაფასებს საქართველოს ინოვაციურ პოტენციალს, ამ მიდგომის ეკონომიკური უკუგება გიგანტური იქნება. ეროვნულ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ 2013 წლისთვის კვლევებში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობა დღევანდელი 0,3 პროცენტიდან გაიზარდოს მშპ-ის 1 პროცენტამდე, ხოლო განათლებაში ინვესტიციების მოცულობა _ 3,5 პროცენტიდან 5 პროცენტამდე.

ჩვენ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ტურიზმის განვითარების მიმართებით. პირველს იმიტომ, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი ამოუწურავია. არ არსებობს მიზეზი რატომაც არ უნდა გადავაქციოთ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ, სასიამოვნო და საინტერესო ტურისტულ კერად. თუ დავაკვირდებით ტურიზმის განვითარების დინამიკას მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, დავრწმუნდებით, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ტურიზმი საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდ დარგად გადაიქცევა. თუმცა უკვე აშკარაა უდიდესი კომპანიების დაინტერესება საქართველოს ტურისტული პოტენციალით. უკვე გადაწყდა, რომ თბილისში აშენდება მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული სასტუმროები, ამასთან განზრახული გვაქვს, რომ საქართველოს ტურიზმის რუკაზე გავაჩინოთ სრულიად ახალი უმაღლესი დონის ტურისტული ობიექტები სიღნაღისა და ახალი სამთო კურორტის შაორის სახით. სიღნაღში უკვე გამალებული მუშაობა მიმდინარეობს და მთელი ქალაქი რესტავრირდება, შენდება ახალი ტურისტული ობიექტები და მუზეუმები. დაწყებულია ბაკურიანის სრული რეაბილიტაციის პროგრამა. გენერალური დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს შაორზე. შედეგად, უნდა მივიღოთ სამი ახალი ევროპული დონის კურორტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ ტურისტულ კერას.

ამ და მომავალი რამდენიმე წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იქნება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 100 ახალი ყველაზე თანამედროვე ტიპის, უმაღლესი სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების მქონე საავადმყოფოს აშენებას. უნდა გადავიდეთ ჯანდაცვის სრულიად ახალ საფეხურზე და წარსულს ჩავაბაროთ საბჭოთა მემკვიდრეობით გადმოცემული ამორტიზებული, ანტისანიტარიული და თანამედროვეობისათვის შეუფერებელი საავადმყოფოები და იქ არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, რაც მიუღებელია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ღირსეული ექიმებისათვის, ხოლო შემდეგ, რასაკვირველია, ყველა პაციენტისათვის. პროგრამა ითვალისწინებს ჰოსპიტალურ სექტორში დამატებით, დახლოებით, 400 მილიონი დოლარის მოზიდვას. შედეგად მივიღებთ, ერთი მხრივ, მუშაობის უმაღლესი დონის პირობებს ჩვენი ექიმებისათვის, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ და, მეორე მხრივ, საუკეთესო სამკურნალო გარემოს _ ჩვენი ხალხისთვის. რაც მთავარია, აშენდება ახალი მრავალპროფილიანი საავადმყოფოები საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში ისე, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მყოფ მოქალაქეს, მაქსიმუმ 30-40 წუთში შეეძლოს უახლოეს საავადმყოფომდე მისვლა, სადაც მას ნებისმიერ გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ.

რასაკვირველია, უნდა შენარჩუნდეს და მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს სამედიცინო დახმარების პროგრამები სხვადასხვა კატეგორიაზე ისე, რომ მაღალი დონის ჯანდაცვა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

არ შემიძლია გვერდი ავუარო კიდევ ერთ გამოწვევას, უფრო სწორად სენს, რომელიც მომაკვდინებელია ჩვენი საზოგადოებისათვის. ეს არის ნარკომანია. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ ორი მიმართულებით:

1.ნარკომანობა ვაქციოთ სამარცხვინო საქმედ. უნდა დავამკვიდროთ ისეთი გარემო, რომ ნარკომანობა და საზოგადოებრივი წარმატება, მათ შორის კარიერაში, ურთიერთგამომრიცხავ კატეგორიებად ვაქციოთ. რეალურად დავამკვიდროთ ის ჭეშმარიტება, რომელიც საშობაო ეპისტოლეში გვიქადაგა უწმინდესმა. მე მის სიტყვებს წავიკითხავ:

- -ნარკომანობა სირცხვილია!

ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და წამალზე მიჯაჭვულობის გამო ხშირად ბოროტმოქმედებასაც სჩადის, შემდეგ კი ციხეში ხვდება და კიდევ უფრო იმძიმებს თავის მდგომარეობას._

ჩვენ ნარკომანობა მართლაც უნდა ვაქციოთ სამარცხვინოდ და ხელმოცარულობის სიმბოლოდ.

1.დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ ნარკოტიკების გამავრცელებლებსა და ამ სიკვდილით მოვაჭრეებს. ჩვენ გვაქვს მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც განსაკუთრებულ სასჯელებს ითვალისწინებს ამ უმძიმეს დანაშაულზე. მიმაჩნია, რომ ის კიდევ უფრო უნდა გავამკაცროთ. ნარკოტიკებით მოვაჭრეები თავიანთ ქონებას და სიმდიდრეს (ზოგ შემთხვევაში აქ ლაპარაკია ძალიან დიდ სიმდიდრეზე) აგროვებენ ჩვენი ახალგაზრდების უფსკრულში გადაჩეხვით, ჩვენი საზოგადოების დეგრადირებით, ადამიანების ცხოვრების დასახიჩრებით, დედების გაუბედურებით, ცოლების დაქვრივებით და ბავშვების დაობლებით. მათი ქონება არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება და უნდა დაექვემდებაროს კონფისკაციას. ისევე როგორც ეს კანონიერ ქურდებსა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან მიმართებით ხდება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უსაფრთხოება სკოლებში. სკოლა უნდა იყოს დანაშაულისა და ძალადობისაგან მთლიანად თავისუფალი ზონა. დღეს საკმარისად ვერ ხერხდება სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხშირად ხდება წვრილმანი დანაშაული და არც თუ იშვიათად მთავრდება ტრაგედიით, ჩვენი შვილების დაღუპვით.

ეს არის დიდი პრობლემა ჩემთვის, ნებისმიერი მშობლისთვის, მთელი საზოგადოებისათვის. სკოლებში უნდა გავამკაცროთ დანაშაულზე კონტროლი. Aრც ერთი მშობელი არ უნდა ნერვიულობდეს, ვიდრე ბავშვი სკოლიდან დაბრუნდება.

საქართველოში დაიწყო რეზერვისტთა რეკრუტირების ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამა. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ უმაღლეს სასწავლებლებში რეზერვისტობის მსურველთა რიგი დგას. უახლოეს პერიოდში რეზერვისტთა 100 ათას კაციანი შემადგენლობა უნდა გვყავდეს, თუ გვინდა საიმედოდ ვიყოთ დაცული.

დაბოლოს, რათა უკეთ აღვიქვათ ჩვენი განვითარების დინამიკა და დავინახოთ თუ რა მკაფიო მიზნისკენ მივდივართ, მინდა წამით აღვიდგინოთ სად ვიყავით 2003 წელს, სად ვართ დღეს და სად ვიქნებით 2010 წელს:

  • 2003 წელს საქართველოს ბიუჯეტის მთელი რეალური ხარჯვითი ნაწილი იყო 700 მილიონი ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე - 800 დოლარი, ხოლო უმუშევრობა 25 პროცენტი;
  • წელს ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 5 მილიარდ ლარზე მეტი იქნება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება 2 ათას დოლარამდე;
  • 2010 წელს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა იყოს 8 მილიარდამდე.

წლის დამლევს საქართველო გადავა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიიდან საშუალო შემოსავლიანი ქვეყნის კატეგორიაში. ჩვენი მიზანია 2010 წელს საქართველო იყოს მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც უმუშევრობა პრობლემა აღარ იქნება, სადაც ყველას ექნება წარმატებისა და თვითრეალიზაციის საშუალება, სადაც მოქალაქეც და სახელმწიფოც იქნება დაცული და აყვავებული.

ჩვენს გამონათქვამებს უკვე ყველა რეალურად აღიქვამს. საქართველო ხელწამოსაკრავი ქვეყანა აღარ არის _ ვართ ღირსებისა და თავმოყვარეობის მქონე ქვეყანა; ვართ ქვეყანა, რომელთანაც ადვილია მეგობრობა, მაგრამ ამავე დროს, მასთან მუქარისა და ძალის ენით ლაპარაკი ყოველთვის შეუძლებელი იქნება. ჩვენ ეს ყველას დავანახეთ. ჩვენ ვაფასებთ მეგობრობას და არამეგობრულ დამოკიდებულებას ვერ შევეგუებით.

ჩვენ ერთად შევძელით ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. ერთად დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ყველა მიზანს მივაღწევთ და ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ თუ ერთად დავდგებით. ის, რასაც საქართველომ მიაღწია მსოფლიოს ბევრ რეგიონში ცვლილებების კატალიზატორი გახდა. თქვენ ყველამ იცით რამხელა აღტკინებაა საქართველოს გარშემო. ჩვენ საკუთარი მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, ყველა მიზანს მივაღწევთ თუ ერთად ვიქნებით.

ეგონათ, რომ საქართველოს ადვილად დაამარცხებდნენ და ქვეყანას პიროვნულ ამბიციებს გადააყოლებდნენ. ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდება, საპირისპიროს ამტკიცებს ჩვენ შევძელით მთავარი მიზნების გარშემო გაერთიანება.

ჩვენი ძალა ტერიტორიული სიდიდით არ იზომება. თუმცა ღმერთმა უნიკალური საზღვარი გვიბოძა.

ჩვენი ძალა ჩვენს რწმენასა და შემართებაშია!

ჩვენი ძალა ერთობაშია!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code