Google+

წლიური ანგარიში

12.02.2009
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

ვესალმები საქართველოს პარლამენტს, ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საქართველოს წმინდა სინოდის წარმომადგენლებსა და მთელ საზოგადოებას.

ჩემი დღევანდელი მიმართვა არის პრეზიდენტის ანგარიში საქართველოს პარლამენტის წინაშე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, მის წინაშე არსებული გამოწვევების, ხელისუფლების საქმიანობის, ჩვენი მომავალი პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს ჩემი მესამე სტუმრობაა საქართველოს პარლამენტში.

ნოემბერში მე წარვსდექი პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე და მრავალი საათის განმავლობაში ვპასუხობდი დასმულ ყველა შეკითხვას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს, დღეს მე ვაპირებ, დავრჩე ჩემი მოხსენების შემდეგ და მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დებატებში.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მივესალმები და მზად ვარ დიალოგისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

მივესალმები პარლამენტის როლის გაძლიერებას და აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლს.

ეს არის გზა ჩვენი დემოკრატის გაძლიერებისკენ. მხოლოდ ძლიერი დემოკრატია წარმოადგენს საქართველოს განვითარების ჭეშმარიტ და სწორ მიმართულებას.

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში, პარლამენტის გარდა ამ ტრიბუნიდან მივმართავ მთელ საქართველოს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც გაჭირვების ფასად უწევს დღევანდელობის ძალიან რთულ პერიოდთან გამკლავება.

უპირველეს ყოვლისა, მივმართავ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს.

მივმართავ იმ ოჯახებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა სიღარიბესთან და უიმედობასთან, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ნუგეში და ზრუნვა.

მივმართავ იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს, ძველი თუ ახალი აგრესიის შედეგად გამოდევნილთ საკუთარი სახლებიდან, ქალაქებიდან და სოფლებიდან.

მათ დღეს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ. მათთვის ხომ ვერანაირი დროებითი საცხოვრებელი, ვერანაირი ერთჯერადი თუ სისტემატიური დახმარება ვერ ჩაანაცვლებს იმას, რაც წაართვეს და დაუნგრიეს.

ბევრმა მათგანმა ერთ უბედურ დღეს ერთბაშად დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეექმნა და უყვარდა, წყალში ჩაეყარა მთელი სიცოცხლის ნაშრომი.

ის, რაც მათ დაკარგეს, ის, რაც მათ წაგლიჯეს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი იარაა, რომელსაც მოშუშება სჭირდება.

მივმართავ ყველა უმუშევარს, რომლებიც სტაბილური შემოსავლის წყაროს უქონლობის გამო ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნების რეალიზაციას; მათ, ვისაც შეუძლიათ, უნდათ და სჭირდებათ სამუშაო; ძალა ერჩით და ცოდნაც აქვთ იმისათვის, რომ იშოვონ სამუშაო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

საქართველოში ასეთი დღეს ძალიან ბევრია და მათი პრობლემა ჩემი უმთავრესი სატკივარი და საზრუნავია.

მივმართავ მათ, ვინც ბოლო წლებში როგორც იქნა დასაქმდა, მაგრამ ახლა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად კარგავენ სამსახურებს ან უკვე დაკარგეს.

მივმართავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, გაჭირვებაში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს; მათ, ვისაც სახელმწიფოს ძალზე მცირედი დახმარების ხარჯზე უწევთ სიცოცხლის შენარჩუნება; მათ, ვისაც ნუგეშისმცემელისა და მზრუნველის გარეშე უწევთ ცხოვრება ან ვეღარაფრით ანუგეშებენ მათ, ვინც მათგან მზრუნველობას მოელის.

მივმართავ ყველა პენსიონერს რომელთაც დამსახურების მეტი არაფერი მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ დღეს ძალიან მცირე პენსიის ამარა უწევთ ხანდაზმულობის გატარება.

მივმართავ მას, ვინც სამართლიანად მიიჩნევს თავს არასათანადოდ დაფასებულად და ხშირად მიტოვებულადაც კი.

მივმართავ ყველა სოფლის მეურნეს, რომლებსაც ასევე აწუხებთ უმუშევრობა და ის, რომ მათი შრომა უფრო მეტად დაფასდეს. ბევრ მათგანს სარწყავი წყალი აკლია, ბევრს ნორმალური გზა, ბევრი ჯერაც ვერ ახერხებს პროდუქციის გასაღების ბაზრის შოვნას. სოფელი ამ ადამიანების მხრებზე დგას, სოფლის მხრებზე კი - დანარჩენი საქართველო. არადა, სოფლად ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი სოფლის გარეშე საქართველო ძლიერი ვერ იქნება.

მივმართავ პედაგოგებს და მედიცინის სფეროს მუშაკებს, რომლებიც საკუთარი შრომის და თავდადების ფასად მომავალს უზრდიან საქართველოს და სოფლებსა და ქალაქებში ემსახურებიან ხალხის ჯანმრთელობას. მათ გაცილებით მეტი ყურადღება, დახმარება, დაფასება და შრომის უკეთესი პირობები სჭირდებათ, ვიდრე დღეს აქვთ.

მივმართავ ყველა ჯარისკაცს და პოლიციელს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკისა და გმირობის ფასად იცავენ ქვეყანას, დგანან მართლწესრიგის სადარაჯოზე. მზად არიან თავი გასწირონ სამშობლოს დასაცავად (ბევრმა მათგანმა გაწირა კიდეც), ერძვიან ქურდებს და კრიმინალებს.

მივმართავ ყველა მეწარმესა და ბიზნესმენს, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს ხალხს და ქმნიან დოვლათს, მაგრამ დღეს ნამდვილად არ უდგათ მარტივი დღეები. მათ უწევთ ურთულესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან გამკლავება. სახელმწიფოს მხრიდან მათ უფრო მეტი თანადგომა სჭირდებათ.

მივმართავ საზოგადოების ამ ჯგუფებს. უწინარეს ყოვლისა, სწორედ მათ წინაშე ვართ ყველანი პასუხისმგებელი და მათზე ზრუნვაა ჩვენი უპირველესი მოვალეობა.

მათი ინტერესები დგას ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურ პარტიათა შორის კინკლაობაში დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი - ჩვენს ხალხზე ზრუნვა.

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,

საქართველო დღეს დიდი ეროვნული გამოწვევების წინაშე დგას.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ომის ფონზე, ბევრი ქართველი განიცდის უმუშევრობას.

ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და უმთავრესი მიზანი მდგომარეობს არა პოლიტიკურ კინკლაობაში, არამედ იმაში, რომ მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას, ეკონომიკური სირთულეების გადალახვას; იმას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაზე; იმას, რომ ხალხს გაუჩნდეს შემოსავალი, გაიზარდოს დასაქმება და შემცირდეს სიღარიბე.

ეს არის დღევანდელობის ყველაზე მთავარი ამოცანა.

ჩვენ დღეს არ გვაქვს ფუფუნება, რომ გაგვაჩნდეს სამი, ოთხი, ან ათი პრიორიტეტი. სწორად თქვა ამას წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - დღეს ჩვენ გვაქვს ერთი და უმთავრესი პრიორიტეტი - ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების გაზრდა.

სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარეობს ჩვენი ყველა შემდგომი გადაწყვეტილება და ნაბიჯი.

ყველაფერი რასაც დღეს ვაკეთებთ და უახლოესი თვეების განმავლობაში სახელმწიფო გააკეთებს სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

რა თქმა უნდა, არ არსებობს წინასწარ გამზადებული რეცეპტები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არა აქვს ულევი რესურსები, ჩვენი რესურსები საკმაოდ შეზღუდულია. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს მოიფიქროს გზები თუ როგორ გაუმკლავდეს ამ დაუნდობელ ეკონომიკურ სტიქიას.

თქვენ იცით, რომ ბევრი სახელმწიფო, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში, წარსულში ჩვენზე ბევრად მდიდარი, ვერ ახერხებს ამ გზების პოვნას და მათი ეკონომიკები, პრაქტიკულად, უკვე სრულ კოლაფსში არიან. ბევრი თქვენგანი ბოლო ხანებში ალბათ იყო ბალტიისპირეთში, უნგრეთში ან უკრაინაში. უკრაინაში იმ მანქანების მესამედიც კი არ დადის, რამდენიც თუნდაც ერთი წლის წინათ დადიოდა. ცარიელია მაღაზიები და კაფეები. ქალაქის ცენტრში შუქებიც ჩამქრალია. ჩემთვის პირადად ძალზე მტკივნეულია, როდესაც ტელევიზიით ამის შესახებ ვისმენ.

ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ საქართველოში.

განსაკუთრებით კატასტროფულია ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნებში, სადაც ვერ მოხერხდა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

უკრაინა შემთხვევით არ მიხსენებია. ჩვენზე ასჯერ მეტი პოტენციალისა და რესურსების მქონე ქვეყანა, პოლიტიკური კინკლაობის ფონზე არა თუ ვერ ახერხებს კრიზისიდან გამოსვლას, არამედ სულ უფრო ღრმად შედის ამ კრიზისში.

საქართველოში სახეზეა ეკონომიკური სირთულეები:

-საფინანსო სისტემაში ბევრი კვალიფიციური მოხელე კარგავს იმ სამუშაო ადგილს, რომელიც, ხაზგასმით აღვნიშნავ, ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა;

-პრობლემებია უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო სამი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ბინების ფასი, ახლა მთელ მსოფლიოში ფასების ვარდნაა და ეს შეეხება მათ შორის საქართველოს;

-მსოფლიო ფასები ვარდნის გამო განსაკუთრებით უჭირთ იმ წარმატებულ ქართულ საწარმოებს, ვისი პროდუქციაც მთლიანად საექსპორტო იყო და წარმატებით გადიოდნენ მსოფლიო ბაზრებზე; მსოფლიო კრიზისმა ყველაზე მწვავედ სწორედ მათ დაარტყა;

-უჭირს საშუალო ფენას, რომელიც წარმატებით იქმნებოდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში; საზოგადოების ეს ნაწილი დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად ცხოვრობდა და მომავალი დაგეგმილი ჰქონდა საბანკო კრედიტებით. საბანკო კრიზისმა მათი გეგმები სერიოზულად არია.

მინდა ყველა კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რას უნდა მოვუფრთხილდეთ არსებულ ფონზე. ჯერ-ჯერობით ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი. უდავოდ არის ეკონომიკური სირთულეები, მაგრამ ეს არ არის ის კრიზისი, რომელიც მთელ რიგ მეზობელ ქვეყნებში მძვინვარებს.

-ჩვენი საბანკო სისტემა სტაბილურია - უამრავ ქვეყანაში ფული აღარ შედის ბანკებში და ვერ გამოაქვთ ბანკებიდან; ბევრი ბანკი ჩამოიშალა, მაგრამ საქართველოში საბანკო სისტემა სტაბილურია. ბევრი თქვენგანი საბანკო სისტემიდან არის და ეს ჩემზე უკეთ იცის.

-ჩვენი სახელმწიფო სახსრები გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფომ განახორციელოს მსხვილი ინვესტივიები ჩვეს ეკონომიკაში;

-ჩვენ ვიღებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო დონორთა მხარდაჭერას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის გადარჩენისთვის;

-ლარის კურსი სტაბილურია;

-კონტროლს ექვემდებარება ინფლაცია; უფრო მეტიც, თუ აბსოლუტურ ციფრებს დავეყრდნეობით, შანსი გვაქვს, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 2-3-ჯერ ნაკლები იყოს; მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველოში არის დეფლიაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასები შემცირდა კიდეც;

-არ გვიანდება პენსიები და ხელფასები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ექსპერტების მონაცემების მიხედვით, საქართველოს აქვს შანსი აღმოჩნდეს მსოფლიოს იმ ქვეყანათა ათეულში, რომელსაც ყველაზე ნაკლებად დააზარალებს ეკონომიკური კრიზისი.

თუ გასულ წლებში თავს იმით ვიწონებდით, რომ ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით მე-15 ადგილზე ვიყავით, თუ თავს იმით ვიწონებდით, რომ ნავთობის არამწარმოებელ ქვეყნებს შორის საქართველო იყო უფრო სწრაფად მზარდი ქვეყანა მსოფლიოში, ახლა, სამწუხაროდ, იმით მოგვიწევს დაკმაყოფილება, თუ მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში შევალთ, რომლებიც ამ კრიზისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალდება.

წინასწარი გათვლები, გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ და არ გადავალთ მინუსებში ისე, როგორც ეს ბევრგან ხდება ახლა.

ჩვენი ეკონომიკური გეგმა, რომელზეც მუშაობენ არა მხოლოდ მთავრობის წევრები, არამედ საუკეთესო ქართველი და უცხოური ეკონომიკური ექსპერტები გვაძლევს საშუალებას ვიმედოვნებდეთ, რომ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ დიდი ნაწილი ჩვენი სამუშაო ადგილებისა და შევძლებთ გავზარდოთ დასაქმება გარკვეული მიმართულებებით.

ყოველივე ეს არ იქნება ადვილი. ეს ყველაფერი მოითხოვს დროს. ეს პროგნოზები და გეგმები ძალიან მყიფეა, თუ ჩვენ ვერ შევძელით სიმშვიდის და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველის, ეს არის ბრძოლა ეკონომიკის გადასარჩენად, ბრძოლა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ.

ამ ბრძოლაში ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ერთ რამეზე, შევძლებთ თუ არა ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა და სტაბილურობა.

ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ამ მართლაც გადამწყვეტი ბრძოლის მოგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩვენ უკვე შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი ხუთი პროცენტით იმისათვის, რომ დამატებით 250 მილიონი ლარი დარჩეს ეკონომიკაში.

ჩვენ დავიწყეთ პენსიების თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც ზრდის ახალი ეტაპი და თითქმის გავაორმაგეთ სოციალურად ყველაზე დაუცველთა სახელმწიფო დახმარება. იმ პირობებში, როდესაც ხარჯის გაზრდა ძალზე რთული იყო, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

მიუხედავად კრიზისისა, ჩვენ დავიწყეთ პედაგოგების ხელფასების ზრდა.

ყოველივე ეს ჩვენი ხალხის მდგომარეობის გარკვეული შემსუბუქების გარდა ემსახურება იმ მიზანსაც, რომ საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ფული ჩაიდოს.

ახლა ჩვენს ეკონომიკას ესაჭიროება ფული და მსხვილი ინვესტიციები, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ სამპუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც შეიცავს:

1.ნაბიჯებს, რომლებიც უცხოურ დახმარებას აკავშირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან;

2.ეკონომიკის სტიმულირების ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც მოხდება 2,2 მილიარდი ლარის სახელმწიფოს მიერ ინვესტირება ისეთ პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ ეკონომიკას და ქმნიან პირობებს 25000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

3.უცხოური კერძო ინვესტიციების მოზიდვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე გრძელვადიანი გარანტიებისთვის ეკონომიკური სტაბილურობის, მოქალაქეების გამდიდრებისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

ამ სამივე მიმართულების მიზანია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ქართულ კომპანიებს იმ სახელმწიფო დაკვეთებით, რომლებზეც ახლა ცხადდება ტენდერები, რათა ჩვენმა კომპანიებმა შეინარჩუნონ ბიზნესი, აკეთონ საქმე და არ დაკარგონ სამუშაო ადგილები.

ეს აღარ არის ის დრო, როდესაც ტენდერებში გამარჯვება შესაძლებელი იყო სატენდერო გაზეთის ერთი ეგზემპლარის დაბეჭდვით. ახლა ეს კეთდება გამჭვირვალედ, ტელევიზიით, რათა ყველას ჰქონდეს გამარჯვების თანაბარი შანსი, სამართლიანობის განცდა და იმის შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის წინსვლისთვის ყველას თანაბრად გაუნაწილდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა.

ამ სამივე მიმართულების მიხედვით, სახელმწიფო ხდება ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქართულ ეკონომიკაში. სახელმწიფო ახლა, მსოფლიო კრიზისისა და საგარეო ინვესტიციების შემცირების ფონზე დებს ეკონომიკაში იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ერთად აღებული ჩაუდია.

რა თქმა უნდა, ამ გეგმასაც, ისევე, როგორც მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, ჰყავს კრიტიკოსები. ერთ-ერთმა მათგანმა დარბაზი დატოვა, სხვები კი დარბაზში არიან.

ხშირად მესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აპირებს დიდი თანხების ჩადებას ინფრასტრუქტურასა და მშენებლობებში, ზოგიერთი ოპონენტი ქილიკითაც კი გვეუბნება, რომ "რა საქართველო მეგზევეების და მშენებელი მუშების ქვეყნად უნდა აქციოთო?"

მე ვიღებ ამ კრიტიკას და მივესალმები ოპონირებას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკას და ხალხის დასაქმებას, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები მათ არგუმენტებს.

უპირველეს ყოვლისა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ მშენებლების და მეგზევეების ქილიკით მოხსენიებას. თუ ვინმეს მშენებლობა და მეგზევეობა სათაკილო საქმე ჰგონია, ძალიან ცდება. ამ ხალხის ხელებით შენდება ჩვენი ქვეყანა, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. ამ ხალის მხრებზე დგას ქვეყნის ეკონომიკა და მათი შრომით მივდივართ წინ.

მაგრამ, მთავარი რატომაც ვერ დავეთანხმები არის ის, რომ მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია, მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები ასაქმებს ქართულ კომპანიებს, რომელთაც მსოფლიო კრიზისის შედეგად დღეს დიდი პრობლემები შეექმნათ.

მშენებლობა ამუშავებს უამრავ მომიჯნავე ინდუსტრიას, ტრანსპორტი, სამშენებლო და ინერტული მასალები, ცემენტის, აგურის, სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოები. მუშების გარდა ასაქმებს ინჟინრებს, იურისტებს, ბუღალტერებს, ლოჯისტიკის მენეჯერებს, არქიტექტორებს, ფინანსისტებს, ტრანსპორტის სპეციალისტებს.

ფართო მასშტაბიანი მშენებლობა ამუშავებს მთელს ეკონომიკას და ასაქმებს ბევრ ადამიანს. განვითარებული ინფრასტრუქტურა კი, ქმნის საფუძველს განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.

გარდა ამისა, ვერ დავეთანხმები ოპონენტების არგუმენტებს იმის გამოც, რომ არამარტო საგზაო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გვაქვს გაკეთებული აქცენტი, არამედ სხვა სფეროებზეც და აქ მე ვგულისხმობ დანარჩენ ორ ნაწილს ამ სამპუნქტიანი გეგმისა - კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც შეიძლება და უნდა განხორციელდეს ყველა მიმართულებით და უცხოურ დახმარებას. მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში მსგავსი პროექტები გაჩერებულია, საქართველოში რამდენიმე უმაღლესი კლასის სასტუმრო შენდება. ეს მომავალში ჩადებული ფულია.

4,5 მილიარდ დოლარიანი დონორთა დახმარების ნაწილია 500 მილიონ დოლარიანი პაკეტი საბანკო სექტორისათვის. ამ ხელშეკრულებების ნაწილს მოეწერა ხელი რამოდენიმე კვირის წინ, ნაწილს კი,უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მიხარია, რომ ბანკები ნელ-ნელა იწყებენ ფიქრს საქართველოში ფართომასშტაბიანი სესხების გაცემის თაობაზე. თუმცა საამისოდ სერიოზული საფუძველი უნდა შეიქმნას, რისთვისაც დიდი შრომა მოგვიწევს.

თუმცა მხოლოდ ეს სამპუნქტიანი გეგმა საკმარისი არ არის.

ეს დასაწყისია, გასაკეთებელი კი გაცილებით მეტია. ეკონომიკური სირთულეები დღეს ჩვენს ხალხს აიძულებს, რომ ქამრები მოიჭირონ და უფრო მეტი დაზოგონ.

ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ ხალხი მოიჭერს ქამრებს, უწინარესად ჯერ მთავრობამ უნდა მოიჭიროს ქამრები და ეს ხალხის სასარგებლოდ გააკეთოს. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტარებიც იგივეს გააკეთებენ, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია.

ახალმა პრემიერმა საკუთარი მუშაობა სწორედ იმით დაიწყო, რომ დაავალა მთელს მთავრობას, ყველა უწყებას, რომ მათ მინიმუმ ათი პროცენტით შეამცირონ საკუთარი ადმინისტრაციული ხარჯები.

ეს არ ნიშნავს სახელმწიფო მოხელეების შემცირებას, ჩვენ ამით არავის არ დავაკარგინებთ სამუშაო ადგილს. ეს არ ნიშნავს მოხელეების ან მათთვის ხელფასების შემცირებას, რადგან მათ უკან ოჯახები დგას, თანაც უხელფასო მოხელეები კორუფციის აყვავების საწინდარია და ჩვენ ამ ჭაობში აღარ დავბრუნდებით, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სამინისტრომ უნდა ისწავლოს უფრო მომჭირნედ მუშაობა და უფრო ნაკლები ფული დახარჯონ თავიანთი ადინისტრაციული საქმიანიობისათვის.

მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივა პარლამენტიდანაც წამოვიდა. პარლამენტი და მთავრობა ერთად მუშაობენ იმაზე, რომ, უპირველესად, ხელისუფლებამ მოიჭიროს ქამრები.

ხარჯების შემცირება და ქამრების მოჭერა უნდა შეეხოს პრეზიდენტის ინსტიტუტსაც. ამიტომ, მე მივიღე გადაწყვეტილება პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია წეროვანში, რომელშიც ბევრი მთავრობის წევრია ნამყოფი და ამას წინათ ჟურნალისტებიც გვყავდა, რომელშიც გავატარე ბოლო ზაფხულის უმეტესი ნაწილი და ხშირად ვიმყოფები-ხოლმე, გადაკეთდეს საბავშვო ბაღად და მოხმარდეს წეროვანში მყოფ, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაზარალებულ მოსახლეობას.

ამავდროულად მომზადდება გასაყიდად ბათუმის და ზუგდიდის ცენტრში მდებარე სამთავრობო რეზიდენციები, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მათი შენახვის დამატებითი ხარჯები აღარ დააწვება, ხოლო, მეორე მხრივ, გაყიდვის შედეგად ბიუჯეტში მივიღებთ მეტ შემოსავალს.

შედეგად გამონთავისუფლებული თანხა უნდა დავხარჯოთ ორი მიმართულებით: ერთი - იაფი კრედიტის პროგრამის გასაზრდელად, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მეტი ქართული კომპანიის დახმარება, შესაბამისად უფრო მეტი ადამიანის დასაქმება და მეორე ჯანდაცვის პროგრამების გასაფართოვებლად.

დღეს მინდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური ინიციატივის შესახებ გავაკეთო განცხადება.

საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის ფუნდამენტურ გადახალისებას, ისე, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა გახდეს ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი.

დღეს არსებული მდგომარეობით ქვეყანაში მუშაობს მხოლოდ ორი კატეგორიის დაზღვევა - უფასო და ძვირი.

ჯანდაცვის უფასო დაზღვევა არის ის, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალქეებისათვის, პედაგოგებისთვის, პენსიონრებისთვის, თავდაცვის და სამართალდამცავი სისტემის მუშაკებისთვის.

ყველაფერი დანარჩენი არის ძვირი დაზღვევა, ანუ ის, რომელსაც შეძლებული მოქალაქეები საკუთარი ფულით ყიდულობენ სადაზღვევო კომპანიებისაგან.

ამ ორი უკიდურესობის, ძვირისა და უფასო დაზღვევის გარდა, ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის შუალედური კატეგორია, ანუ იაფი დაზღვევა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ ჯანმრთელობა დაეზღვიათ ასობით ათას ისეთ მოქალაქეს, რომელიც არც იმ კატეგორიაშია, რომელსაც უფასო დაზღვევა ეკუთვნის და არც იმდენი საშუალება აქვს, რომ ძვრიანი დაზღვევა იყიდოს.

ასეთი ადამიანები ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაა და ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ დაზღვევის გარეშე. ხოლო ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მათ უწევთ ძალიან დიდი თანხების გადახდა წამლებში, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

ნაცნობებისგან და ნათესავებისგან ვიცი, ელემენტალური ოპერაცია გადადეს უსახსრობის გამო. ვიცი ისეთი ფაქტებიც, რომ ბავშვებს არ მოაკლეს ლუკმა და ამის გამო, დარჩნენ მკურნალობის გარეშე. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სამედიცინო ხარჯებმა ოჯახების ბიუჯეტი გაანადგურა.

ეს მდგომარეობა მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვნახოთ გზები, რათა სახელმწიფომ თანადაფინანსების ფორმით მიიღოს მონაწილეობა ჯანმრთელობის დაზღვევის იაფი პაკეტის შექმნაში, რომელიც იქნება შუალედური ძვირსა და უფასოს შორის და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველი მოქალაქისათვის.

ეს ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს და განავითარებს სამედიცინო დაზღვევის სისტემას საქართველოში, რადგან ამ სისტემის გარეშე სოციალური და სამედიცინო სფეროს განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით, სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული თვეში ხუთ-ლარიანი სადაზღვევო პაკეტების დაფინანსებაში სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას თანადაფინანსებით.

ყველა მოქალაქისათვის, ვინც ხუთლარიან სადაზღვევო პაკეტს შეიძენს, ამ ხუთი ლარიდან სახელმწიფო 3,35 ლარს გადაიხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს გადასახდელი ექნება მხოლოდ 1 ლარი და 65 თეთრი თვეში ანუ წელიწადში 20 ლარზე ნაკლები.

ამ ფულით, ანუ წელიწადში 20 ლარზე ნაკლები თანხით, მას შეეძლბა უფასოდ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობა, გაიაროს სამედიცნო გამოკვლევები პოლიკლინიკაში, გაიკეთოს 5000 ლარამდე ღირებულების გადაუდებელი ოპერაცია, ამავე თანხაში შედის ტრავმების მკურნალობა.

ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა იქნება რევოლუციური გარდატეხა დაზღვევის აქამდე არსებულ სისტემაში.

ყველა მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალება და სახელმწიფოს დახმარებით წელიწადში 20 ლარზე ნაკლებად შეძლებს მიიღოს მთლიანობაში, დაახლოებით, 8000 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურეობა.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში აღარ არსებობდნენ განგების ამარა დარჩენილი ავადმყოფები; მინიმალური სამედიცინო დახმარების მიღება ყველა მოქალაქეს შეეძლოს.

ჩვენ შევძელით, რომ სასწრაფო დახმარება გაგვეხადა უფასო. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და ნაციონალური მოძრაობის ვეტერანებს ეს კარგად ახსოვთ. ჩვენ დავდიოდით სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და ამაზე ვლაპარაკობდით, სკეპტიკურად გვიყურებდნენ: მორიგი პარტია, მორიგი დაპირებებდით.

მაგრამ ყოველთვის ვამბობდით იმასაც, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით ჩვენ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ჯანმრთელობის დაცვის ის მინიმალური აუცილებლობა, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ხალხს, რომ მაქსიმალურად შეამცირონ სამედიცინო რისკები.

მაგალითად მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის ქალბატონი ლალი ჩიქვანაიას მაგალითი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ჰყავს ორი უფროსკლასელი ქალიშვილი, სულ ეხლახანს დაეღუპა მეუღლე და მარტოს უწევს ოჯახის რჩენა. ის ძალიან ბევრს შრომობს, მუშაობს ბავშვების აღმზრდელად, მომვლელად, ალაგებს, აცხობს. იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელფასი ჰქონდეს და ასე თუ ისე შეინახოს ოჯახი. იგი ნამდვილად არ ირიცხება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა კატეგორიაში და ამიტომ უფასო სამედიცინო დაზღვევა არ ეკუთვნის, მაგრამ არც იმდენი შემოსავალი არა აქვს, რომ საკუთარი თავისა და შვილებისათვის სადაზღვევიო კომპანიიდან ძვირადღირებული დაზღვევა იყიდოს. ღმერთმა არ ქნას, რომელიმე მათგანს გადაუდებელი მკურნალობა რომ დაჭირდეს, ქალბატონ ლალის ამის საშუალება უბრალოდ არ ექნება. მას მოუწევს სიმწრით დაგროვილი ქონების გაყიდვა და თვადაც ხვდებით რასთან იქნება ეს დაკავშირებული.

ლალისნაირი ადამიანი დღეს საქართველოში ძალიან ბევრია. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის მიხედვით ქალბატონ ლალის შეეძლება, რომ პროგრამის გამოცხადების დღიდანვე მივიდეს სადაზღვევო კომპანიაში და თვეში თითო სულზე 1 ლარად და 65 თეთრად დააზღვიოს საკუთარი თავი და თავისი ორი ქალიშვილი, ანუ სამივე სულზე წელიწადში გადაიხადოს სამოც ლარზე ნაკლები, მაგრამ სამაგიეროდ ამავე წლის განმავლობაში ამ თანხის სანაცვლოდ მისთვის და მისი ორი შვილისთვის მიიღოს ჯამში 24 ათასი ლარის სამედიცინო მომსახურება.

აი, ამის საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩვენი ახალი ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა.

აქამდე საქართველოში ჩვენ უფასოდ გვყავს დაზღვეული მილიონ ორასი ათასს ადამიანი. მუშაობს მკურნალობის სახელმწიფო დააფინანსებს პროგრამები 60 წელს გადაცილებული და 3 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანისათვის.

ამ კატეგორიაში ბუნებრივია ყველა ვერ ხვდება.

ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით კი, ჩვენ შევძლებთ მოვიცვათ მთელი საქართველოს მოსახლეობა და ყოველი მათგანისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ძირითადი ჯანდაცვა.

ამგვარად, ჩვენს თავს და საზოგადოებას ვაძლევთ შანსს მინიფალურ ფასად დაეზღვიოს და იყოს დაცული მინიმალური რისკისგან.

ეს პროგრამა ასევე დაეხმარება პოლიკლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებს და შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს სამედიცინო სექტორში.

მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ, ერთი მხრივ, ექიმები კარგავდნენ კვალიფიკაციას იმის გამო, რომ პაციენტები ვერ მიდიოდნენ მათთან და მეორე მხრივ, გვყავდა პაციენტები, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ მიდიოდნენ ექიმთან.

პრეზიდენტობის პირველი დღიდან ჩემი ამოცანა იყო ამ კატეგორიის ერთმანეთთან დაახლოება და არსებული ზღვარის მოშლა სამედიცინო მომსახურებასა და მის შეთავაზებას შორის.

იმ პირობებში, როდესაც 700-800 ამბულატორიას ვაშენებთ, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პირობებში, კონსულტაციის მიღება ხდება საკმაოდ ადვილი როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, იმ პირობებში, როდესაც გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში შეიქმნა უამრავი უმაღლესი კლასის სამედიცინო ცენტრი, მთავარია, ხალხმა ეს შესაძლებლობა გამოიყენოს.

ჩვენი განსაკუთრებული ტკივილი და განსაკუთრებული ზრუნვის საგანია დევნილების მდგომარეობა.

რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მათი მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად, დამეთანხმებით, რომ ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს იმ დანაკარგს, რომელიც თითოეულმა მათგანმა განიცადა და ვერაფერი ვერ შეცვლის წართმეულ მშობლიურ კუთხესა და კერას. თითოეულმა მათგანმა თავისი სულის, სიყვარულის, ცხოვრების აღუდგენელი ნაწილი დაკარგა.

ჩვენ ვიცით, რომ მათ დარდს ვერაფერი ვერ გააქარვებს და ამას ვერაფრით ვერ ჩავანაცვლებთ, ვიდრე ეს ადამიანები არ დაუბრუნდებიან საკუთარ კუთხესა და კერას.

მინდა ერთი რამ იცოდეს ყველამ - ცხვირიდან ძმარს ვადენთ ყველას, ვინც ეს ხალხი გამოყარა სახლებიდან. ეს ჩემი დაპირებაა და ეს უნდა იყოს ჩვენი მამოძრავებელი მოტივაცია. ამას ჩვენი ერთიანობით და ჩვენი სიძლიერით საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დევნილებს, ომების შედეგად დაზარალებულებს, შეძლებისდაგვარად, საცხოვრებლად და სამუშაოდ ადამიანური პირობები შევუქმნათ იქ სადაც მათი ახალი მისამართებია დღეს.

რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოგვდის როგორც სასურველია. რათქმაუნდა ჩვენ არ შეიძლება კმაყოფილებით ილაპარაკო იმაზე, რაც კეთდება დევნილებისთვის. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ გაცილებით მეტია საჭირო.

მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ, ზამთრის დადგომამდე ჩვენ შევძელით ის, რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა ქვეყანამ მსგავს სიტუაციაში - 5000 ახალი კაპიტალური სახლის აშენება. როდესაც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ, ამ დროს საჭირო დოკუმენტაციის ნახევრის მომზადებას ანდომებენ. ჩვენ იმდენად სწრაფად მოვახერხეთ ამის გაკეთება, რომ საკუთარ თვალებსაც არ უჯერებდნენ. ჩვენ კი ამ სახლებს გულით ვაშენებდით და მსოფლიოში უპრეცენდენტოდ მინიმალური ფასად.

ჩვენ ეს სახლები შეძლებისდაგვარად აღვჭურვეთ გამათბობელი ღუმლებითა და ელემენტარული საცხოყოფაცხოვრებო საშუალებებით. ყველა მათგანი უზრუნველვყავით წყლით, ელექტროენერგიით, გაზით და გავიყვანეთ გზები.

ჩვენ ასევე დავინახეთ მთელი საზოგადოების დიდი სოლიდარობა განსაცდელში ჩავარდნილი ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად. არასდროს დამავიწყდება, რომ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ხალხი ოჯახში სრულიად უცნობ ადამიანებს იღებდნენ. ბოლო ლუკმას უყოფდნენ და ბალიშები და ლეიბები მიჰქონდათ მათთან. უზარმაზარი განსხვავება იყო 14-15 წლის წინანდელ საქართველოსთან. რა არის დასამალი - მაშინ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსიც კი ამბობდა: დაგვაყენონ დევნილებმა თბილისშიო.

ახლა საზოგადოებამ წარმოუდგენელი სოლიდარობა, წარმოუდგენელი გამბედაობა, წარმოუდგენელი ტაქტი და უნარი გამოიჩინა, როდესაც თანამოქალაქეებს ეხმარებოდნენ.

ასევე მივიღეთ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რისიც ძალიან მადლობელები ვართ.

ჩვენ შევძელით და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ყველა დევნილს შევუნარჩუნეთ სამსახურები და ხელფასები.

დევნილებისთვის აშენებულ ახალ სოფლებში შენდება სკოლები, პოლიციის განყოფილებები, საბავშვო ბაღები, ეკლესიები.

ვმუშაობთ, რათა ამ დასახლებებში მოვიზიდოთ ინვესტიციები და შევქნათ სამუშაო ადგილები.

ამ დღეებში დავიწყეთ დევნილებისათვის მიწის დარიგების პროცესი. ყოველი ოჯახი აიღებს საშუალოდ ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთს საკუთრებაში, რათა ყოველ ოჯახს გავუადვილოთ მიწის ათვისება და მოსავლის მოყვანა. ასევე ვურიგებთ საჭირო სათესლე საშუალებებს.

ჩვენთვის მიშვნელოვანია, რომ სათანადო ზრუნვა და ყურადღება მიიღონ 90-იანი წლების კონფლიქტების დროს იძულებით გადაადგილებულმა პირებმაც.

მათთვის ვახორციელებთ ჩასახლებების ადგილების დაკანონების პროგრამებს და ჩვენი მიზანია, რომ ყოველ დევნილს საკუთრებაში ჰქონდეს სათანადო პირობებით აღჭურვილი საცხოვრისი.

მანამ სანამ საქართველო არ გაერთიანდება და ყველა დევნილი არ დაუბრუნდება თავის კანონიერ სახლ-კარს, წარმოშობის კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს, დევნილთა სოციალური ხელშეწყობა ყოველთვის იქნება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ზრუნვის საგანი.

თქვენი იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად ვიზრუნებთ ამაზე.

ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს ზრუნვა პენსიონერებზე.

მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირთ დღეს მათ და რამდენად მეტი დახმარება ესაჭიროებათ.

სულ ახლახან მქონდა ბედნიერება სახლში ვსტუმრებოდი ვაზისუბნის ერთ-ერთი პენსიონერის იოსებ ცოტნიაშვილის ოჯახს, რომელიც თავის მეუღლესთან , ასევე პენსიონერ ქალბატონ მერისთან ერთად ცხოვრობს. ამ ოჯახისთვის ეს სრულიად გადამწყვეტი ფაქტორია. ჩემი სტუმრობის დროს ჩვენ ერთად დავთვალეთ რამდენი ლარი სჭირდება ამ ოჯახს წამლებში და რომ ამ წამლების უმეტესი ნაწილი დაზღვევით არ იყოს დაფარული, ამ ოჯახის ბიუჯეტს ბოლო მოეღებოდა.

მათ წელს 5 ლარით მოემატათ საბაზისო პენსია და 75-75 ლარს იღებენ. ამას გარდა ამისა მათ ოჯახზე საარსებო შემწეობა 54 ლარია, სტაჟის დანამატი ბატონ იოსებს 10 ლარი აქვს, ქალბატონ მერის კი - 7ლარი. საყოფაცხოვრებო სუბსიდიას 22 ლარს იღებენ და ჯამში, ორივეს ერთად თვეში 243 ლარი გამოსდით. ამას ემატება უფასო სამედიცინო დაზღვევა და თბილისის მერიის პროგრამები - შეღავათები ტრანსპორტზე და კომუნალურ გადასახადებზე. თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან უჭირთ ბატონ იოსებს და ქალბატონ მერის. მათ ბევრად მეტი დაიმსახურეს, მაგრამ სულ რამდენიმე წლის წინ ისინი უდავოდ განწირულები იქნებოდნენ უმძიმესი ხვედრისთვის.

სულ ახლახანს ტელეეკრანიდან დამისვა კითხვა პენსიონერმა ქალბატონმა მარნეულიდან, თუ სწორედ მახსოვს, ლუბა უბუაშვილმა. მან მკითხა: "ბატონო პრეზიდენტო, რუსეთის აგრესიის მიუხედავად თუ შესრულდება თქვენი პირობა, რომელიც საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებ?"

მინდა ამ ტრიბუნიდან ვუპასუხო მას: ქალბატონო ლუბა, რუსეთის აგრესიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები პენსიის ზრდის გრაფიკთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენი 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში თქვენი საპენსიო პაკეტი, ისევე როგორც მთელის საქართველოს პანსიონრების საპენსიო პაკეტი გაუტოლდება 100 დოლარს! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ! მე ჩემს პირობას არ გავტეხ!

ჩვენ ახლა მხოლოდ 5 ლარით შევძელით პენსიის გაზრდა და საბაზო პენსია 75 ლარს გავუტოლეთ. რა თქმა უნდა, ამ მატებას დიდი პრაქტიკული გარდატეხა არც ერთი პენსიონერის ცხოვრებაში არ შეაქვს, მაგრამ ეს მატება უპირველეს ყოვლისა იმის ნიშანია, რომ ჩვენ პენსიების ზრდას, ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, არ შევაჩერებთ!

პენსიონერები ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებენ. მათ მთელი ცხოვრება შეალიეს ქვეყნის სამსახურს და მათთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა ჩვენი საზოგადოების და პირადად ჩემი ღირსების საკითხია.

რთული ეკონომიური პერიოდის და ომის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ყურადღება მოვაკლოთ ჩვენი საზოგადოების ასევე განსაკუთრებულად ღირსეულ და დასაფასებელ ჯგუფს - ხალხს ვისაც აბარიათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ესენი არიან მასწავლებლები.

მე ხშირად ვხვდები პედაგოგებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მათლაც ამ ხალხის გმირობის ტოლფასი მოქმედების შედეგია, რომ მაშინ შევინარჩუნეთ სკოლები, როდესაც სკოლები პრაქტიკულად არ ფინანსდებოდა და შევინარჩუნეთ განათლების მინიმალური დონე.

რა თქმა უნდა არის ბევრი პრეტენზია, ბევრი ჩვენგანი მშობელია და ვიცით, რომ სწავლის სტანდარტები დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებადაა მასწავლებლების ბრალი. ეს სისტემის ბრალი და მრავალწლიანი გაჭირვების შედეგია, უსახსრობისა და საზოგადოებაში მანამდე არსებული კონკრეტული პრობლემების შედეგი.

კარგად ვიცი მათი გაჭირვების შესახებ. ვიცი, რომ მათ გაცილებით უფრო მეტი დაფასება და ხელშეწყობა სჭირდებათ.

მაგრამ ამის მიუხედავად, მასწავლებლები არიან პირველები, ვინც ჩვენი მომავლის სადარაჯოზე დგანან.

ჩვენი რეფორმის პირველი წლების განმავლობაში, მთავარი ყურადღება გადატანილი იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, გაყინული და გაძვალტყავებული სკოლების აღდგნასა და რეაბილიტაციაზე.

ალბათ თითოეულ ჩვენგანს ზღაპრულად ახსოვს და არასდროს დაავიწყდება საკუთარი სკოლა. მე განსაკუთრებულად კარგ სკოლაში №1 ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ეს იყო კარგად მოწესრიგებული, კარგად გაკეთებული სკოლა დიდი სპორტული ინფრასტრუქტურით, ხელოვნებისა დ მუსიკის სკოლით, წინ საცურაო აუზით. არ დამავიწყდება 2000 წელს ჩემი ოცნების სკოლის სანახავად მივედი და ვნახე, რომ ეს იყო შენობა, რომლის გარშემო ეზო მთლიანად იყო მონგრეული; არ ფუნქციონირებდა არც ერთი სპორტული დარბაზი და მოედანი; არ იყო დარჩენილი არც ერთი მთლიანი ფანჯარა; ფანჯრების ჩარჩოებში ჩასმული იყო ხის დაფები, რომლებიდანაც შეშის ღუმელების საკვამურები გამოდიოდა, სკოლის კედლები გაჭვარტლული იყო, ინფრასტრუქტურა კი - მთლიანად განადგურებული. ამის მნახველს გული მომიკვდა. მაშინ ვთქვი, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი სკოლების რეკონსტრუქციისთვის. ისინი იმაზე ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო ვიდრე ადრე იყო და დამსგავსებოდა ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში და ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნების სკოლებს. თუ წახვალთ და №1 ექსპერიმენტულ სკოლას ან, თუნდაც, ზუგდიდის №2 საჯარო სკოლას ნახავთ, დარწმუნდებით, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება ბევრი იმ ქვეყნის სკოლებს, რომლებიც ზოგჯერ ქედმაღლურად გვაძევენ რჩევებს და ზემოდან ქვემოთ გვიყურებენ.

რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ხანგრძლივი პროცესია, არ გაჩერდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ მისასალმებელი ნაბიჯები გადადგა პედაგოგების დასახმარებლად:

-ჩვენ შევძელით ყველა მასწავლებლისა და სკოლების ტექნიკური პერსონალისთვის მიგვეცა უფასო სამედიცინო დაზღვევა;

-პედაგოგებმა მიიღეს მე-13 ხელფასი;

-33 პროცენტით გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები;

-როგორც იქნა გაუქმდა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც არავინ იცის რისთვის შემოვიღეთ და რომელიც წამების და მუდმივი შანტაჟის იარაღად გვევლინებოდა.

მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო და, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი.

ამიტომ წლევანდელი წლიდან ჩვენ დავიწყეთ მასწავლებლების ხელფასების ზრდის ახალი ეტაპი:

-წელს 1 იანვრიდან ხელფასები გაიზარდა 25 ლარით ხოლო 1 სექტებრიდან კიდევ 25 ლარით მატებაა დაგეგმილი.

-გარდა ამისა წელს ჩვენ კიდევ 19 მილიონი ლარით გავზარდეთ მასწავლებელთა სამედიცინო დაზღვევის დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანია იყო.

ამასთანავე, ჩვენ ვზრდით მოსწავლე-სტუდენტების დაფინანსებას; მომავალ პერიოდში, ამის თობაზე განათლების მინისტრს ნიკა გვარამიას უკვე ვესაუბრე, მკვეთრად გაიზრდება საქართველოში მაგისტრატურაში სწავლების დაფინანსება.

მაგისტრატურა მთლიანად ფასიანია. ეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის სერიოზული ხარვეზია. ბაკალავრიატის შემდეგ, უფულო ადამიანი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, მაგისტრის განათლებას საქართველოში ვეღარ იღებს.

ამით პოტენციურად ვკარგავთ ძალიან ბევრ კარგ სპეციალისტს. უფრო მეტიც, მთელი რიგი კათედრები უკვე გაუქმებულია, რადგან იმ საგნების შესწავლის მსურველები, რომლებიც სტუდენტებმა მაგისტრატურაში უნდა გაიარონ, პრაქტიკულად, აღარ არიან.

საქართველოს დასაქმების და ეკონომიკის ამუშავების ერთ-ერთი მთავარი ღერძი ქართულ სოფელზე გადის. დღეს სოფელს ბევრი პრობლემა აქვს დაწყებული სარწყავი წყლის, ტრაქტორების და კარგი გზის დეფიციტიდან, ბევრი მაჟორიტარია აქ და ეს კარგად იცით, გაგრძელებული უმუშევრობით, გასაღების ბაზრების არარსებობით და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირით.

მიუხედავად ეკონომიკური სიძნელეებისა, ჩვენ არ შევაჩერებთ ზრუნვას სოფლის დასაქმებაზე.

-მიმდინარე წელს იაფი კრედიტის პროგრამით გამოყოფილია 20 მილიონი ლარი რომლის 75 პროცენტი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი ახალი საწარმოების გახსნას მოხმარდება;

-სოფლის მეურნეობის 100 საწარმოს ასამუშავებლად გამოყოფილია სასოფლო სამეურნეო მიწების 30 ათასი ჰექტარი და აქტიურ ფაზაში შევიდა ინვესტიციების მოზიდვის პროცესი ახალი საწარმოების ასაშენებლად.

მაგალითად, მიხო სვიმონიშვილს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სხვებისგან განსხვავებით არ აღმოაჩნდა უზარმაზარი საბანკო ანგარიში, მაგრამ საკუთარი შრომით ცდილობს შემოსავალი შეუტანოს ოჯახს და იზრუნოს მისი ქვეყნის მომავალზე. ჩვენ მას უფასოდ მივეცით მიწა, შემოიყვანა რამდენიმე ასეული ძროხა და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოში მეცხოველეობის სფეროში სრულიად ახალ სტანდარტს ნერგავს.

ჩვენთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან ჩვენი ნიადაგისა და წყლის ხარისხი, კლიმატური პირობები იდეალურია მეცხოველეობის განვითარებისთვის. ბოლო წლების უბედურების გამო კი, ჩვენი მეცხოველეობა ყველაზე დაბალ დონეზეა მთელ რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე დაბალ დონეზეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველივე ეს რადიკალურად უნდა შემოვაბრუნოთ.

მაგალითად ხილის გასაღებაზე ყოველ წელიწადს გვაქვს პრობლემები. ახლა ყველაზე დიდი და ცნობილი საბავშვო კვების მწარმოებელი "ჰიპი" საქართველოში ერთ ქარხანას ყიდულობს, ხოლო მეორეს - აშენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქარხნების მდებარეობის ადგილებში ხარისხიანი ვაშლი მთლიანად გასაღდება და ეს მსოფლიო ბრენდი, რომელიც გამოიყენება ბავშვთა საკვებად მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ამერიკაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში იყენებენ, საქართველოს სახელით გავა, თანაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის და ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მომავალი განვითარებისთვის.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ კანონი და საქართველო გამოვაცხადოთ ორგანული კვების ქვეყნად, სადაც არ მივიღებთ ხელოვნურად მოდიფიცირებული, გენური ინჟინერიით დამუშავებული პროდუქციის წარმოებას, რადგან ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი. ჩვენ ვერასდროს ვერ ვაწარმოებთ იმდენს, რომ გავმდიდრდეთ და საბოლოოდ შევარყევთ ჩვენი პროდუქციის იმიჯს.

ამაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

თუმცა ყოველივე ეს შექმნის ათობით ათას სამუშაო ადგილს უახლოესი წლების განმავლობაში სოფლად.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია სოფლად მცხოვრებთა ნახევარი, მაგრამ ისინი ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს.

ეს კატასტროფული მაჩვენებელია, მაგრამ ამავე დროს მსოფლიო კრიზისის პირობებში ეს არის ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის რეზერვი, თუნდაც შიდა რესურსების ხარჯზე.

ჩვენ ვაგრძელებთ სავარგულების გასარწყავიანების პროგრამას. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობის 820 ათასი ჰექტარიდან მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის მოირწყვება 220 ათასი ჰექტარი. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც ირწყვებოდა საბჭოთა პერიოდში ელექტროენერგიის გამოყენებით. ამის ფუფუნება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არა აქვს. წელს ჩვენ გავუთანაბრდებით, უახლოეს წლებში კი გადავასწრებთ გასარწყავიანების იმ მაჩვენებლებს, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს.

მიმდინარე წელს, მარტიდან მოქმედებას იწყებს სოფლების დახმარების და განვითარების ახალი, ექსპერიმენტული პროგრამა "ფული ყველა სოფელს". ამ პროგრამის მიხედვით 20 მილიონი ლარი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება ყველა სოფელზე. ფული ეძლევა ყველა სოფელს სადაც მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ რაში ურჩევნია ამ თანხის დახარჯვა. ეს არის დემოკრატიის უმაღლესი გამოხატულება.

მაგალითად, სოფელი კირნათი, ხელვაჩაურის რაიონში, აპირებს სოფლის ცენტრის გარე განათების მოწყობას და წყლის სისტემის რეაბილიტაციას.

იმავე რაიონის გონიოს თემში კი სოფელი ახალსოფელის მცხოვრებლებს განზრახული აქვთ, რომ იმ 20 ათასი ლარით რომელიც მათ სოფელს ერგება, გაწმინდონ 3 კილომეტრის სიგრძის სანიაღვრე არხი, გაარემონტონ სასმელი წყლის სათავსი და დაზიანებული ქსელი, შეაკეთონ სამი ტრანსპორტის მოსაცდელი, მოაწყონ და გაანათონ სოფლის ცენტრში თავშეყრის ადგილი.

ამ პროგრამით ასეთი პატარ-პატარა განახლებებისა და განვითარების საშუალება მიეცემა ყველა სოფელს, სამუშაოებში ჩაერთვებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და სოფლებში დაიწყება ეკონომიკური გამოცოცხლება. პროექტის წარმატების შემთხვევაში აუცილებლად დავაყენებთ მოცულობების გაზრდის საკითხს.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება, რომელიც მივეცით სოფელს არის ყველა სოფლის გაზიფიკაცია. ეს დაპირება ძალაშია და ჩვენი სოფლის განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს. მართალია მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გარკვეული პერიოდით შეაფერხა გაზიფიკაციის სამუშაოები, მაგრამ გაზიფიკაცია გრძელდება და წელს 60 ათასი ახალი კომლის გაზიფიცირებას ვვარაუდობთ.

იგივე შეიძლება ითქვას ყველა სოფლის ინდივიდიუალურ გამრიცხველიანებაზე, ჩვენ დავამთავრებთ საერთო მრიცხველების უსამართლო სისტემას და ყველა სოფელს გავამრიცხველიანებთ ინდივიდუალურად.

ინდივიდუალური მრიცხველის არქონა დიდი უსამართლობაა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მეზობელი მეზობელს გადაეკიდა. სხვათა შორის ამ კოლექტიურ გამრიცხველიანებას საქართველომ ყველაზე კარგად გაუძლო. რუმინეთში უბედურებები დატრიალდა და ხალხმა ერთმანეთი დახოცა ამ ნიადაგზე. თუმცა 2-3 წლის წინათ ვიდექით დილემის წინაშე - ან გვექნებოდა დენი და კოლექტიური მრიცხველები, ან ელექტროენერგია არ გვექნებოდა საერთოდ. ახლა უკვე ეს არჩევანი აღარ დგას - დენი არის, დარჩენილია მხოლოდ ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს უსამართლო სისტემა აღარ გვექნება და 2010 წლის დამლევისთვის ყველა სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდება. წელს კი 65 ათასი კომლისთვის დასრულდება საერთო მრიცხველების უსამართლო ხანა.

ასევე მარტის თვიდან დაიწყება სოფლის გზების რეაბილიტაციის პროექტი. პირველ ეტაპზე დაიგება 130 კილომეტრამდე სოფლის გზა, ხოლო მთლიანობაში მოსახლეობის 80 პროცენტთან მაინც გავიყვანთ მას.

გზები ბეტონის საფარით იგება, რაც სრულიად ახალი ტექნოლოგიაა. ეს ტექნოლოგია პირადად ვნახე შვედეთში და ვთხოვე კიდეც საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საქართველოში მისი დანერგვა.

პროგრამის მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ პრიორიტეტი მშენებლობების დროს მიენიჭებათ თავად ამ სოფლების ადგილობრივ მცხოვრებლებს. ანუ ერთის მხრივ დაიგება გზები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს ამ სოფლების დასაქმებას, ხოლო მეორეს მხრივ თავად გზების მშენებლობა შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებულად ჩასატარებლად,ამ უსახსრობის პირობებში, მიმდინარე წელს სახელმწიფო 50 მილიონ ლარს დახარჯავს.

იმისათვის, რომ მოსავლიანობის გაზრდაში დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, სახელმწიფომ ქართული საწარმო აზოტისაგან შეისყიდა 24 მილიონი ლარის ღირებულების გვარჯილა, ამას რამდენიმე დღის წინათ მოვაწერე ხელი. გაზაფხულამდე ის უფასოდ დაურიგდება ყველა ფერმერს.

მთლიანობაში მილიონამდე კომლი მიიღებს სასუქს - თითო კომლზე 50 კილოგრამ გვარჯილას. ამ პროგრამით ჩვენ, ერთი მხრივ, ვეხმარებით ჩვენს ფერმერებს მთელს საქართველოში, თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც ვუმცირებთ მათ ხარჯებს და ვზრდით მათ დასაქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, გაჩერებას გადავარჩინეთ რუსთავის აზოტის საწარმო, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო პრაქტიკულად ვეღარ ახერხებდა წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას და მისი 3000 თანამშრომელი უმუშევრად დარჩენის კატასტროფის წინაშე იდგა. თანაც მათ ექნებათ გასაღების ბაზარი საქართველოს შიგნით.

დასაქმების გაზრდისა და ეკონომიკური სირთულეების გადალახვის საქმეში ერთ-ერთი მთავარი როლი ქართულ ბიზნესს ეკუთვნის. ჩვენი მომავალი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გავაუმჯობესებთ ბიზნეს გარემოს საქართველოში.

დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლები. მსოფლიო კრიზისის ფონზე მათ დღეს ყველაზე მეტად უჭირთ. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ წყვეტენ ინვესტირებას, მაინც არ წყვეტენ სამუშაო ადგილების შექმნას. ეძებენ ახალ შესაძლებლობებს და ინარჩუნებენ ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობას. ჩვენი სტაბილურობა მათზე დგას, თუ პოლიტიკოსები არ გავაფუჭებთ და ავურევთ სიტუაციას.

ამიტომ სწორედ ჩვენი მეწარმეები და ბიზნესმენები, ამ დარბაზში მყოფნი და ისინი ვინს ეხლა აქ არ არიან, არიან ჩვენი დროის ნამდვილი გმირები. ახლა მათ წარმატება და გამჭრიახობა განაპირობებს იმას, შეძლებს თუ არა ჩვენი ეკონომიკა ფეხზე დადგომას, შეძლებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილების პოვნას.

მინდა მოგესალმოთ და თქვენი სახით მივმართო მთელ ქართულ ბიზნესს:

საქართველოს ხელისუფლების პასუხი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე იქნება:

-უფრო უკეთესი ბიზნეს გარემო საქართველოში;

-უფრო ლიბერალური და გახსნილი ეკონომიკა;

-უფრო თავისუფალი ატმოსფერო იმისათვის რომ საქმე აკეთოთ;

-უფრო უკეთესი გარემო ინვესტიციების მოსაზიდად;

-უფრო დაცული ბიზნესი;

-და უფრო დაცული კერძო საკუთრება.

მთელი მთავრობა თქვნს სამსახურში იგულეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება ჩვენი ხალხისა და უკეთესი საქართველოსთვის.

მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი საზრუნავი, საქართველოს დაცვა არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისაგან, ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ხალხის დასაქმების გაზრდა.

ვერ დავივიწყებთ იმას, რომ ჩვენი სამშობლო უდიდესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება.

საქართველომ გადაიტანა უმძიმესი აგრესია და დღესაც ამ პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე არაადამიანური ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნეს საკუთარი სახლ-კარიდან. ჩვენ მოგვიკლეს 166 პატრიოტი ჯარისკაცი, 16 სამაგალითო პოლიციელი და ასობით მშვიდობიანი სამოქალაქო პირი ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი, რომლებსაც ეთნიკური ნიშნით არ ვყოფ. ეთნიკური ნიშნით მიწასთან გაასწორეს საუკუნეების განმავლობაში აშენებული და ბოლო წლებში ამ მთავრობის მიერ სწრაფად განვითარებული ჩვენი სოფლები. დაგვიბომბეს ქალაქები და დაბები, დაგვინგრიეს ინფრასტრუქტურა.

საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას დიდი და სახიფათო მტერი უპირისპირდება.

-მტერი, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს;

-არად აგდებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

-მთელს ცივილიზებულ სამყაროს შანტაჟისა და დაშინების ენით ელაპარაკება;

-ემუქრება მის სამეზობლოში მყოფ ყველა თავისუფლების მოყვარე ერს;

-მტერი, რომელიც წარსული დაპირისპირებებისაკენ ექაჩება მსოფლიოს;

-რომელიც ახალ სამხედრო უკანონო ბაზებს აშენებს საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ როდესაც ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი დემოკრატიული სამყარო მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციას;

-რომელიც ცდილობს რომ მთლიანად განდევნოს საქართველოდან საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები, იმისათვის რომ საკუთარი ბოროტების შემფასებელი აღარავინ დარჩეს;

-რომელიც არ თანამშრომლობს საერთაშორისო გამოძიებასთან და საკუთარი ოკუპაციის ზონაში არ უშვებს დამკვირვებლებს;

-მტერი, რომელიც დიქტატურით მართავს ქვეყანას და თანამშრომლობს საერთაშორისო ტერორიზმის კერებთან;

-საბოლოოდ, და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს და გავითავისოთ ყველამ, ეს არის მტერი, რომლის უმნიშვნელოვანესი, საბოლოო და კარგად კარტიკულირებული მკვეთრად გამოხატული მიზანია საქართველოს საბოლოო დაქუცმაცება და მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრობა.

ასეთ პირობებში ჩვენი ამოცანაა უფრო მეტი ინტეგრაცია დემოკრატიულ სამყაროსთან. ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

ჩვენი ამოცანაა სამშვიდობო მისიების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალური ჩართულობა. საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში.

დაახლოვება ევროპასა და ნატოსთან.

საქართველოსადმი საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის კიდევ უფრო განმტკიცება.

და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე წინსვლას. რამდენიმე დღის წინ მიუნხენის სამიტმაც დაგვანახა, რომ საქართველოს ძალიან დიდი მეგობართა წრე ჰყავს. რომ ჩვენი ქვეყნისდმი მხარდაჭერა ურყევია. ვის როგორ არ უნდა უნდოდეს ამ მხარდაჭერის შესუსტება.

წლის დასაწყისში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ ადმინისტრაციასთან ჩვენ გადავდივართ ამ სტრატეგიული ხელშეკრულების იპლემენტაციის სრულიად ახალ, ბევრად უფრო წინწასულ ფაზაზე, ვიდრე ოდესმე წინა ადმინისტრაციის პირობებში.

სხვათა შორის მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ადმინისტრაციის პირველივე ოფიციალურ განცხადებაზე ითქვა ის, რაც შეეხება ამერიკას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს - არასდროს არავინ არ შეეგუება საქართველოს დაშლისა და დაქუცმაცების გეგმას; არასდროს არავინ არ აღიარებს უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის შედეგებს.

იმპერია ყოველთვის მარცხდება და დამარცხდება ამჯერადაც.

საქართველო იქნება მთლიანი.

აფხაზეთი და ცხინვალი ისევ დაუბრუნდებიან დედა-სამშობლოს და ამას ჩვენ მივაღწევთ მშვიდობით, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებით, სტაბილური წინსვლით, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ჩვენ მივაღწევთ იმასაც, რომ დავარეგულირებთ ურთიერთობებს რუსეთთან მაშინ, როდესაც რუსეთი მიიღებს და აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.

სხვა პერსპექტივა არ არსებობს.

მთავარია ჩვენ ახლა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, სიმშვიდე, ერთიანობა, არ გადავუხვიოთ ჩვენს არჩეულ კურსს და ვიაროთ განვითარების და დემოკრატიის გზით.

დაბოლოს,

მინდა დავუბრუნდე მათ, ვისი მოხსენიებითაც დავიწყე საუბარი და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პენსიონერს, ყველა უმუშევარს, გაჭირვებაში მყოფს, ყველა მასწავლებელს და ექიმს...

ნუ დაკარგავთ იმედს.

ნუ ჩათვლით, რომ დაგივიწყეს, ნუ იფიქრებთ რომ აღარსოდეს მოვა გაზაფხული, ნუ დაიჯერებთ, რომ თქვენზე ზრუნვა არ არის ჩემი და მთელი მთავრობის უმთავრესი საფიქრალი, ნუ აიცრუებთ გულს!

მე ვარ თითოეული თქვენგანის გვერდით, მე არ დამვიწყებია არც ერთი ჩემი მოცემული პირობა, ნურც თქვენ დაივიწყებთ მათ და გჯეროდეთ, რომ ყველა მათგანი აუცილებლად შესრულდება!

გჯეროდეთ, რომ გავალთ ფონს, გადავივლით ამ რთულ პერიოდს!

დავატრიალებთ წაღმა ბედის ბორბალს!

გჯეროდეთ, რომ გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას!

იცოდეთ, რომ ახლა არ არის ხელის ჩაქნევის დრო, ახლა არის ძალების მოკრების, რწმენის შენარჩუნების, მტვერის ჩამოფერთხვის, წელში გამართვის, ერთმანეთისთვის ხელების ჩაკიდების და იმედის შენარჩუნების დრო.

დღეს ჩვენ სხვა გზა და სხვა ხსნა, უბრალოდ, არ გაგვაჩნია!

ჩვენი მთავარი მტერი ახლა არის უიმედობა, გულაცრუება და აპათია.

და თუ ამ მტერს არ დავნებდებით, ჩვენ დავამარცხებთ ყველა სხვა მტერს!

რაგინდ რთულიც არ უნდა იყოს, მაინც შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას, შევძლებთ ეკონომიკური სირთულეების გადალახვას და შევძლებთ ჩვენი ხალხის დასაქმებას, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას.

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მფარველი!

გმადლობთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code