Google+

სიახლეები

05.11.2013
საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ჭარბაძე და სერგეი ბონდარჩუკი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის რევაზ ჭარბაძე და სერგეი ბონდარჩუკი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა თითოეული მათგანის დამსახურებაზე და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.  

„ჩვენ ტელევიზიით სულ ვხედავთ პოლიტიკოსებს, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს, თუმცა ბოლო წლებში საქართველოს განვითარებაში ყველაზე მთავარი როლი იმ  ხალხმა შეასრულა, ვინც არ ჩანდა, თუმცა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა... აღმოჩნდა, რომ, როცა ქვეყანას დასჭირდა, ქართველებს ნამდვილად შეძლებიათ მაღალტექნოლოგიური წარმოება უმოკლეს ვადებში. რეზო ჭარბაძის დამსახურება ამ საქმეში ძალიან დიდია... 2012 წელს რეზო ჭარბაძე ჯერ ქარხნიდან გაუშვეს, ხოლო შემდეგ ქვეყნიდან გააქციეს და, პრაქტიკულად, ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენების საფუძველზე, მის წინააღმდეგ აღძრეს საქმე. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს რაღაც სასჯელი იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთმა ქვეყანამ დაჩქარებული ტემპით უყოყმანოდ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. ასეთი სპეციალისტები ყველას სჭირდება, თანაც ყველამ კარგად იცოდა, რომ თუ ვინმეს ინტერესს წარმოადგენდა ჭარბაძის დაწყებული საქმის შეწყვეტა, ეს რუსეთის სპეცსსამსახურები იყო. რა თქმა უნდა, დამპყრობელს არ სურს, რომ ჩვენ გვქონდეს საკუთარი იარაღი. მე არ ვარ მომხრე, ვინმეს ხელი დავაფაროთ, მით უმეტეს, თუ რაიმე საზიზღობა აქვს ჩადენილი, მაგრამ ამ კაცმა საქართველოს ძალიან დიდი საქმე გაუკეთა. არ შეიძლება ასეთი ხალხის საქართველოდან გაგდება - ეს ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება და ეს ყველა მთავრობას შეეხება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ საქართველომ რუსეთის აგრესიას გაუძლო, ეს ისეთი ადამიანების დამსახურებაცაა, როგორიც უკრაინის რადის წევრი სერგეი ბონდარჩუკია. 

„საქართველოზე მოხდა თავდასხმა, მაგრამ ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე - ეს იყო თავდასხმა ყველა თავისუფულებისმოყვარე პოსტსაბჭოთა ერზე; საქართველოს, სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, მოუწია ყოფილიყო ამ თავდასხმის პირველი ზღუდე და საქართველომ გაძლო. ამიტომ ისეთი ხალხი, ისეთი მეგობრები, როგორიც ჩვეთვის სერგეი ბონდარჩუკია, რომლის მეშვეობითა და დახმარებითაც შევძელით ბრძოლა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა რევაზ ჭარბაძის ჯილდო მის დედას, მარინა კიკნაძე გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, უპირველესად, ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის და შემდეგ, მისი შვილის დაფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა, სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა  და ქართველობა საამაყო გახდა. 

მადლიერების ნიშნად, მარინა კიკნაძემ საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა - მათი ოჯახის რელიქვია, რუსულ ენაზე თარგმნილი ბიბლია უსახსოვრა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)