Google+

ინტერვიუები

11.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „სეგოდნია მულტიმედია" და არხის „უკრაინა" ჟურნალისტებს თბილისში. ჩვენი საათნახევრიანი საუბარი 11 სექტემბრის ტერაქტების მე-10 წლისთავის წინ შედგა და არ შეგვეძლო არ გვეკითხა პრეზიდენტისთვის, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო ამ პერიოდის  განმავლობაში. 11 სექტემბრის შემდეგ ხომ ამერიკა იძულებული იყო რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება ჰქონოდა, როგორც თავისი მოკავშირის მიმართ ანტიტერორისტული კოალიციაში - ერთდროულად შეესუსტებინა და ეთამაშა მასთან.

მიხეილ სააკაშვილმა გვიამბო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა ეს მოვლენა მისთვის - როგორც ადამიანისა და პოლიტიკოსისთვის.  

„გიპასუხებთ სად ვიყავი - იმ დროს იუსტიციის მინისტრი ვიყავი და ყველაფერს საკუთარ კაბინეტში ტელევიზორში ვუყურებდი, მაგრამ ნიუ-იორკთან პირადი მოგონებებიც მაკავშირებს, მე ხომ ქალაქის მერიაში ვიქორწინე, რომელიც აღარ არის. ის ადგილი, სადაც მე და ჩემმა ცოლმა ხელი მოვაწერეთ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ერთად დაიწვა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრში ხშირად ვყოფილვარ და, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.    

სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ამ მოვლენის შემდეგ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიო ძალიან შეიცვალა და რაღაც გაგებით, არა უკეთესობისკენ. საერთაშორისო პოლიტიკის ფოკუსი გადაადგილდა, და აშშ-მა იმ მოდელისგან განსხვავებულად დაიწყო მოქმედება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლითა და ცივი ომის დასრულებით იყო მოცემული.  

მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ამბობს პრეზიდენტი: „მოვლენები, რომლებიც ნიუ-იორკის ბირჟაზე ვითარდება, მყისიერად მოქმედებს უკრაინაზეც, სინგაპურზეც და რუსეთის ეკონომიკაზეც". ამავე დროს, მისი თქმით, ზოგჯერ ვიღაც სერიოზულად ვარდება მსოფლიო კონტექსტიდან.  

„ჰელსინკის შეთანხმებებისა და მას შემდეგ, რაც 20-ე საუკუნეში ყველანი შეთანხმდნენ საზღვრების ურღვევობის თაობაზე, ასევე ყველა საერთაშორისო აქტის შემდეგ - ეს ჩემთვის კარგადაა ცნობილი, კიევში საერთაშორისო სამართალს ვსწავლობდი - ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ პატარა ქვეყანა ისევეა დაცული, როგორც დიდი. არავის არ შეეძლო იმის წარმოდგენა, რომ 21-ე საუკუნეში შესაძლებელი იყო დიდი ქვეყანა თავს დასხმოდა პატარას და მისი საზღვრების შეცვლა ეცადა ძალის გამოყენებით", - განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.     

„მეგონა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და ასეთი მცდელობები კვლავაც იქნება. თუმცა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და სწორედ იმიტომ, რომ ეს - კონტექსტიდან ამოვარდნაა. მსგავსი რამეები ან უნდა შეწყდეს, ან მსოფლიო უფსკრულისკენ წავა", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა 11 სექტებრის ტერაქტების 10 წლისთავზე. 

უახლოეს დროს, გაზეთში „სეგოდნია" გამოქვეყნდება მიხეილ სააკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია, ხოლო ვებ-საიტის Segodnya.ua და პორტალის Tochka.net მკითხველებისთვის მოვამზადებთ საქართველოს პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის ვიდეოვერსიას. აგრეთვე თვალი ადევნეთ არხის „უკრაინა" ახალ ამბებს.   

ავტორები: ალიონა გრომნიცკაია, დმიტრი ბელიანსკი, ინა პავლოვა, ანასატასია ისკრიცკაია, იური მელნიჩუკი. სპეციალურად Segodnya.ua-თვის თბილისიდან. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code