Google+

ინტერვიუები

22.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ეგვიპტურ ტელევიზიას „ალ ჰაიატ“ ინტერვიუ მისცა

შერიფ ამერ: ყოველთვის, როდესაც ეგვიპტეში საქართველოს ახსენებენ, თქვენი ქვეყნის გამოცდილებაზე საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით. როგორ მოახერხეთ ეს?

მიხეილ სააკაშვილი: პოლიციით დავიწყეთ, რადგან პოლიცია ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ დავითხოვეთ ყველა მათგანი და 3-4 თვე პოლიციის გარეშე ვიყავით. მოვამზადეთ ახალგაზრდა ადამიანები. ძალიან სწრაფად ვიმუშავეთ. დავურიგეთ ახალი აღჭურვილობა და მანქანები - ადრე მათ ავტომობილებიც კი არ ჰყავდათ - მივეცით ახალი ფორმები და იარაღი. მაგრამ, მთავარი, მაინც საზოგადოების მხრიდან პატივისცემა იყო - წინა პოლიციას ნდობას მხოლოდ  საზოგადოების 6 პროცენტი უცხადებდა, ახალს კი - 85-86 პროცენტზე მეტი.
შერიფ ამერ: მოდით, საერთაშორისო არენაზე გადავინაცვლოთ. როგორია ქართულ-რუსული ურთიერთობების თქვენეული შეფასება, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინი უკან დაბრუნდა?
მიხეილ სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ პუტინი არსად არ წასულა და ამასთან დაკავშირებით ილუზიებიც არ გვქონია. ახლა გაცილებით უკეთესი ვითარებაა ჩვენთვის. ადრე იყვნენ ისეთები, ვისაც ილუზიების სჯეროდა, ახლა კი უკვე ღია თამაში დაიწყო. თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ რუსეთის საზოგადოებას მოდერნიზაცია სურს. პუტინი კი, არის კაცი, რომელიც ამბობს, რომ უკან, საბჭოთა კავშირში დაგაბრუნებთო. საბჭოთა კავშირი დასრულდა, ის აღარ არსებობს, მკვდარია. შეუძლებელია მისი საფლავიდან ამოღება და გაცოცხლება. სწორედ ამიტომ, ასეთ მიდგომას მომავალი არ აქვს.
რუსები საქართველოში 2008 წელს შემოიჭრნენ. ჩვენს მიწაზე ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ამჯერად საქართველოს უფრო დიდი ტერიტორიის დაპყრობა გადაწყვიტეს და ნაწილი დაიკავეს კიდეც. მაგრამ დღევანდელი რეალობით, რუსეთის საზოგადოებას მოდერნიზაცია სურს. ჩვენ ახლა ორი მიდგომა გვაქვს: პირველი ამ მთავრობის მიმართ, რომლისგანაც ყოველთვის მოდის ხიფათი და მეორე რუსეთის საზოგადოების მიმართ: ჩვენ სულ ახლახან რუსეთის მოქალაქეებისთვის საერთოდ მოვხსენით სავიზო ბარიერები. მანამდე ასეთი უფლებით მხოლოდ რუსეთის სამხრეთის მაცხოვრებლები სარგებლობდნენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რუსეთი ჩვენი მიმართულებით ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებდა. ათეულობით ფაქტი გამოვავლინეთ, რომელიც არა მარტო ჩვენ, არამედ საზღვარგარეთის სადაზვერვო სამსახურებმაც დაადასტურეს. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე რუსების გამო იძულებით გადაადგილებული პირია საკუთარ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ რუსები ჩვენ ქვეყანაში ტურისტების რანგში ჩამოდიან.
შერიფ ამერ: როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას, ერთი მხრივ, რასაც ახლა ამბობთ და მეორე მხრივ, რუსეთი ხომ თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა?
მიხეილ სააკაშვილი: აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ თუ მათ ჩვენს წინააღმდეგ უნდათ მოქმედება, ამისთვის ტურისტებს ნამდვილად არ გამოიყენებენ, ნახეთ როგორაა ჩვენთან სასაზღვრო დაცვა მოწყობილი. ჩვენ მთელი სისტემა შევცვალეთ - აუცილებელი არაა პასპორტი ამოიღო, პასპორტში ელექტრონული ჩიპია და საზღვრის გადაკვეთისას, სისტემა ავტომატურად აფიქსირებს. რუსები ყოველივე ამას ხედავენ. ისინი აქ ხვდებიან საზოგადოებას, რომელიც მათ ისე ექცევა, როგორც სტუმარს. მათ შორის, ღია საუბრები იმართება და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა ამ ადამიანს ეცოდინება, რომ საქართველო მეგობარი ქვეყანაა. ეს ჩვენი სტრატეგიული ინტერესია. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის ადგილები, სადაც ფიზიკურად არ შეგვიძლია შესვლა - პირადად მე არ შემიძლია მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რადგან რუსებმა, უფრო სწორად პუტინმა გადაწყვიტა, რომ ის სახლები, რომლებიც იმ ტერიტორიებზე დარჩა, ჩვენ აღარ გვეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ისე ვსაუბრობ. ნახევარ მილიონი ჩემი თანამემამულე ასეთივე პრობლემების წინაშე დგას. ეს დიდი უბედურებაა და, რა თქმა უნდა, ეს ჩემი საფიქარალია. მსგავსი მეთოდებით, რიგითი რუსების წინააღმდეგ ჩვენ არასდროს ვიმოქმედებთ.
შერიფ ამერ: მოდით, რუსეთის თემა შევცვალოთ. შეკითხვას გისვამთ არა როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც პიროვნებას, რომელიც რევოლუციას ედგა სათავეში. როგორ უყურებთ არაბული გაზაფხულის რევოლუციებს და და რას იტყვით იმ გავრცელებულ აზრზე, რომელსაც მეც ვიზიარებ: ეს რევოლუციები ისეთი წარმატებული არ იყო, როგორიც - მოლოდინი.
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ისინი საკმაოდ წარმატებული იყო. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი გაიხსნა.  

შერიფ ამერ: გავრცელებული ძალადობის გათვალისწინებითაც?

მიხეილ სააკაშვილი: სირთულე იმაში იყო, რომ პრობლემები გროვდებოდა. ყოველივე ეს გარდაუვალი იყო. ახლა კი თქვენ ღია პოლიტიკური თამაშის მომსწრენი ხართ. ასეთ პირობებში მანამდე არსებული პრობლემები, მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური, სამართლიანი საზოგადოების მოთხოვნილების, უკვე თავს იჩენს. ყოველივე ამას ერთი ძლიერი ხელი აკავებდა და ეს ძალიან ხელოვნური იყო. როდესაც ეს ხელი აღარ არსებობს, ყველაფერი ზედაპირზე ამოდის. ახლა ყველაფერი ამ ერებზეა დამოკიდებული - მათ პრობლემები რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გადალახონ.
შერიფ ამერ: როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სირიაში ხდება? სირიის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობას განსხვავებული მიდგომა აქვს.

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მარტივია: ყველა ერი თავისუფლებისკენ მიისწრაფვის. ჩვენ ახლა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. 70-იან ან 80-იან წლებში სადმე რამე თუ ხდებოდა, სხვებს ეს არ აინტერსებდათ. ახლა ყველაფერი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ინფორმაცია აღარ იმალება. ეს ჩვენს მაგალითზეც კარგად ვიცით. შეუძლებელია საყოველთაო სახალხო მოძრაობის შეჩერება, ვფიქრობ, რომ გრძელვადინ პერსპექტივაში ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდება.
შერიფ ამერ: როგორ უყურებთ ეგვიპტეს, განსაკუთრებით იმას, რაც რევოლუციის შემდეგ ხდება?

მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, რომ ეგვიპტე, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის დიდი იმედია. საქართველოში თქვენს რეგიონს ძალიან კარგად იცნობენ. ეს დიდი ისტორიული ტრადიციების შედეგია. ბევრი ქართველი იყო ეგვიპტეში და მის მეზობელ ქვეყნებში და იქაური ელიტის ნაწილად იქცნენ. ჩვენ კარგად გვესმის აქაური მენტალიტეტი, დამოკიდებულება ოჯახში,  ურთიერთოება  ადამიანებს შორის. არ მჯერა, რომ დემოკრატია მხოლოდ დასავლური საზოგადოებისთვის არის შესაფერისი და მისი ეგვიპტეში გადმოღება შეუძლებელია.
შერიფ ამერ: ბატონო პრეზიდენტო. დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ.
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ეგვიპტელების მიმართ უდიდესი სიმპატიით ვართ განწყობილი. ახლა, ვფიქრობ, ეგვიპტე მსოფლიოში სამაგალითო უნდა გახდეს.

შერიფ ამერ: იმედი მაქვს, ჩვენი მსმენელი თქვენს გზავნილს გაიგებს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code