Google+

რელიზები

01.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებისა და რეფორმების შემდგომი გაგრძელების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია. ქართულმა მხარემ კვლავაც გამოხატა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი და ამ თვალსაზრისით, ყურადღება აშშ-ის მხარდაჭერის აუცილებლობის თაობაზე გაამახვილა.

„ძალიან კარგია, რომ ამ ოფისში სახელმწიფო მდივნის რანგში გხედავთ. ასევე კარგია, რომ გადამწყვეტ მომენტებში საქართველოს ასეთი მეგობარი ჰყავს. თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ისეთ რთულ მომენტში ჩამოვიდა საქართველოს გადასარჩენად, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრნენ. ამას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. ასევე არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ როგორ იბრძოდით ამერიკის სენატში სენატორისა და კომიტეტის თავმჯდომარის რანგში დემოკრატიისთვის, უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ნამდვილად გამოხატავს ამერიკის მორალურ პოზიციას და ჩვენ აქ ვართ, რომ ამ საქმეში დაგეხმაროთ. ჩვენ გვჭირდება ამერიკის დახმარება ნატო-სა და ევროინტეგრაციის საკითხებში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის,  ისე მისი დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ჩვენ გვინდა ვხედავდეთ  ამერიკას ძლიერს და თქვენი ამ პოზიციაზე ყოფნა სწორედ ამის საწინდარია თქვენი ძალისხმევისა და საერთაშორისო კონტაქტების წყალობით, მთელი ამ წლების განმავლობაში როგორც სენატორი, თქვენ იყვაით კარგი მეგობარი და ყველა ამ საკითხის  მცოდნე. ვფიქრობ, თქვენი აქ ყოფნა მართლაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში. იმედი გვაქვს, რომ კვლავაც ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, როგორც მეგობართან და როგორც მოკავშირესთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

ჯონ კერიმ საქართველოს პრეზიდენტს  პირადი, ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა. ამას გარდა მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ბევრი მიმართულებითაც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.

„ჩემთვის სასიამოვნოა პრეზიდენტ სააკაშვილს ვუმასპინძლო. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და კარგი მეგობრები ვართ. წლების განმავლობაში ბევრჯერ შევხვდრივართ საქართველოშიც, ნიუ იორკშიც და აქაც, ვაშინგტონში. ჩვენ დიდად ვემადლიერებით საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ავღანეთში გვიწევს. ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ჯარისკაცების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. სამომავლოდ,  2014 წლის შემდეგ მათ დიდი გეგმები აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სწრაფვას ნატო-სა და ევროპისკენ. მივესალმებით იმ დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, რომელიც პრეზიდენტ  სააკაშვილის ხელდასმითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა; ასევე, პირველ თავისუფალ არჩევნებს და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. ვიცი, რომ ეს დემოკრატიული სწრაფვა კვლავაც გრძელდება, როგორც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა. ძალზე სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგი და მისი მასპინძლობა. მიხეილ სააკაშვილის ვადა ამ წლის შემოდგომით იწურება, მაგრამ დემოკრატიულ გარდაქმნებს საქართველოში საარსებო მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჯონ კერიმ.

შეხვედრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

სახელმწიფო მდივნის რანგში, ჯონ კერი პირველად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)