Google+

რელიზები

31.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა და შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუკი საქართველოს ეკონომიკა წინა თვეებში სტაგნაციის მდგომარეობაში იყო, ახლა რეცესიას განიცდის და დღითიდღე მცირდება.  როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის კეთილდღეობა, მისი უსაფრთხოება და არსებობაც კი, ეკონომიკაზე გადის, ყოვლად დაუშვებელია ასეთი ეკონომიკური ვარდნა. ქვეყნის პირველმა პირმა ვითარებას საგანგაშო უწოდა.

"წელს 11-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობდით და ამის ყველა საფუძველი იყო.. მართლაც მსოფლიო რეკორდია 11 პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა. მსგავს მაგალითებს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვიხსენებ, გარდა ომის სიტუაციებისა. მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არაკომპეტენტურობისა და მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია. ეკონომიკურ ზრდას პრობლემები ექმნება და ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ამას ხალხი ყოველდღიურად გრძნობს- ბიზნესები მცირდება, ჩერდება, საცალო ვაჭრობაში სერიოზული პრობლემებია, ასევე პრობლემები აქვს ბიუჯეტს - დაიწყო დიდი გარღვევა. რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს პენსიებისა და ხელფასების გაცემის პრობლემაც შეიქმნება. შევარდნაძის მმართველობის შემდეგ, ასეთი რამ ჩვენს ეკონომიკას და ქვეყანას აღარ ახსოვს. იმის გამო, რომ პრობლემებია ენერგეტიკის სფეროში, წელს, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეიქმნას დენის გადასახადისა და იმპორტის თვალსაზრისითაც. ასე რომ, ვითარება მართლაც საგანგაშოა. მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს - ის დაპირება, რომელსაც პრემიერი რაღაც ფონდებთან დაკავშირებით გაძლევთ, სრულიად არარეალურია და სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამ ფონდებით ეკონომიკის გამოსწორება არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ ისინი მომავალში ზიანსაც მიაყენეს ეკონომიკას. მინდა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, საკუთარი ფული ჩადოს ეკონომიკაში, განაახლონ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც ორასი მილიონი უკვე დავხარჯეთ და რომელიც თბილისისა და მისი მოსახლეობისთვის მეორე სუნთქვის გახსნა იქნება ცხოვრების გაუმჯობესების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. მოვუწოდებ, განაახლონ პორტის მშენებლობა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. შეწყვიტონ მავნე კანონების განხილვა პარლამენტში, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას. უნდა გადაიხედოს რევანშიზმის პოლიტიკა, რადგან ამ პირობებში საქართველოში ფულს არავინ არ ჩადებს. რევანშიზმი კი გამოიხატება იმაში, რომ ყველა ჩვენი პროექტი ჯინზე შეჩერდა, ხოლო ახალი პროექტები აღარ იწყება. ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს, დაპატიმრებების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ქვეყნის ეკონომიკა წინა მთავრობის მიერ დატოვებული რამდენიმე მილიარდითა და ტურიზმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით სულდგმულობს. ქვეყნის პირველმა პირმა ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მთავრობას კიდევ ერთხელ შესთავაზა ერთობლივი მუშაობა, რათა ქვეყანას თავიდან ააცილონ მოსალოდნელი საფრთხე.

"დღევანდელი მთავრობა ამდენი წლის განმავლობაში დამცინოდა, როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობდი, მაგრამ ახლა გამოჩნდა, რომ ერთადერთი, რაც დღეს ეკონომიკას აცოცხლებს, ტურიზმია. მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო არხებზე ტურიზმის რეკლამირება შეწყვიტოს, რაც მომავალ წლებში ამ სფეროშიც პრობლემებს წარმოშობს. ახლა, როგორც არასდროს საჭიროა, რომ ყველა ერთად დავსხდეთ და რაღაც გავაკეთოთ იმისატვის, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშალოს, რადგან ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მზად ვარ, ვიმუშაო მთავრობასთან, მივცეთ რჩევები, გავუწიო რეკლამირება საერთაშორისო არენაზე, როგორც ამას აქამდეც ვაკეთებდი, რათა ჩვენი ეკონომიკური მექანიზმი, როგორმე, ხელახლა ამუშავდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, საქართველოსთვის გრძელვადიანი და დამანგრეველი შედეგები დადგება. ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ამისათვის საჭიროა ყველანი ერთად დავსხდეთ, სერიოზულად მივიღოთ ეს საფრთხე და ერთად ვიმუშაოთ მისი თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)