რელიზები
16.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-ჯერსის გუბერნატორს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს კრის კრისტის შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა რეფორმატორმა, კრის კრისტიმ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. ლაპარაკი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საგარეო კურსა და იმ საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს შეეხო, რომლებიც საქართველოს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან აკავშირებს.
„ჩვენ უნდა ვნახოთ ვინ არის ამერიკის ხვალინდელი დღის ელიტა, რადგან საქართველო ყოველთვის არ იქნება იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც ბოლო პერიოდში აღმოჩნდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად წინ უნდა ვიხედებოდეთ და უნდა ვხედავდეთ ხვალინდელი ლიდერების თაობას. ამიტომ ჩვენ ორივე პარტიის - რესპუბლიკელებისა და დემოკრატების წარმომადგენლებს ვხვდებით, რომლებმაც 2016 წლის შემდეგ, ამ ქვეყნის მმართველობა უნდა ჩაიბარონ. ჩვენ ვემზადებით მომავლისათვის. საქართველო არა თუ არ უნდა გაქრეს დასავლეთისა და ამერიკის რადარიდან, არამედ, პირიქით, ბოლომდე უნდა გავიდგათ ფესვები და გავაძლიეროთ მხარდაჭერა ჩვენ მიმართ. კრისტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ იგი ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორია, ამერიკაში კი საქართველო სწორედ რეფორმებთან დაკავშირებული ბრენდია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.